მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

მსოფლიოში ქალების მხოლოდ 55% მშობიარობს ფიზიოლოგიურად, მეცნიერების მტკიცებით კი, საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკს ზრდის

მშობიარობის 20 მილიონი შემთხვევის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკეისრო კვეთით მშობიარობის დროს აუტიზმის განვითარების რისკი იზრდება. შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოცემა JAMA NETWORK  OPEN-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 20 მილიონი ქალი მონაწილეობდა 19 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ ისეთები, ვინც ფიზიოლოგიურად იმშობიარა და ისეთებიც, ვისაც საკეისრო კვეთა გაუკეთდა. როგორც აღმოჩნდა, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებს შორის 33%-ით მეტი აუტიზმის შემთხვევა დაფიქსირდა.

მეცნიერთა აზრით, ეს შესაძლოა დედის მიკროფლორასთან ახალშობილის კონტაქტის არარსებობას უკავშირდებოდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამის გამო ბავშვის იმუნური სისტემის განვითარება დაირღვეს, რაც ნეგატიურად აისახება ტვინის მუშაობაზე.

აღსანიშნავია, რომ დარგის სხვა ექსპერტებმა კვლევის შედეგები გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, კვლევა ეფუძნება 1960-70-იან წლებში გაჩენილ ბავშვებსაც, როდესაც აუტიზმის დიაგნოსტიკა შედარებით დაბალ დონეზე ხდებოდა.

გარდა ამისა, კვლევაში არ იყო გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ჩატარების მიზეზები. უმეტეს შემთხვევაში ეს ჭარბწონიანობის, დედის ასაკის ან ქრონიკული დაავადებების, მაგალითად, ასთმის გამო ხდება, რაც ზრდის ავტომატურად აუტიზმის განვითარების საფრთხეს.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციმ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა ეპიდემიურ ხასიათს იძენს მთელ მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55% მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია. ქალების დიდი ნაწილი ექიმებს ოპერაციულ ჩარევას სთხოვს მაშინაც კი, როცა ამის არანაირი ჩვენება არ არსებობს – ანუ დედაც და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელნი არიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close