იტალიაში აშშ-ის მოთხოვნით რუსული კომპანიის დირექტორი დააკავეს

იტალიაში აშშ-ის მოთხოვნით რუსული კომპანია UNITED ENGINE CORPORATION-ის დირექტორი, 57 წლის ალექსანდრ კორშუნოვი დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია ეკონომიკურ ჯაშუშობაში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა FONTANKA.RU ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორშუნოვი ნეაპოლის აეროპორტში 3 სექტემბერს დააკავეს. იგი იტალიაში მოსკოვიდან ჩაფრინდა. იტალიის პოლიციამ მას აშშ-ის მიერ გაცემული დაკავების ორდერი წარუდგინა. კორშუნოვს საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 სექტემბერს დაადასტურა კორშუნოვის დაკავება და განაცხადა, რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. „მას ბრალად ედება რაღაც საიდუმლო ინფორმაციის მოპარვა. დიახ, ჩვენ გვაქვს კონსულტაციებისთვის გაფორმებული ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან. ეს მსოფლიო პრაქტიკაა, ღია კომერციული სამუშაო. ახლა ამერიკელი მეგობრები ამტკიცებენ, რომ იქ რაღაც მოიპარეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან“, – თქვა პუტინმა.

United Engine Corporation-ი რუსული Rostec-ის სტრუქტურაში შედის. ის აწარმოებს ძრავებს სამხედრო და სამოქალაქო ავიაციისთვის, კოსმოსური პროგრამებისთვის, აგრეთვე, გაზის ტურბინის დანადგარებს ენერგიის წარმოებისთვის.

კომენტარები