დღის თემაიტალიაპოლიტიკა

ჯუზეპე კონტემ ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა – ვინ შეცვალა მატეო სალვინი?

ჯუზეპე კონტე, რომელიც წინა კოალიციური მთავრობის მეთაური იყო, იტალიის ახალი მთავრობის ხელმძღვანელად რჩება. ამის შესახებ დღეს, ოთხშაბათს რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის გენერალურმა მდივანმა უგო ძამპეტიმ განაცხადა.

„ჯუზეპე კონტემ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მანდატი მიიღო. ახალი მთავრობა კონტეს მეთაურობით ფიცს ხუთშაბათს (5 სექტემბერი – ნ. ა.), 10:00 საათზე დადებს“, – განაცხადა მან.

ფიცის დადების ცერემონია კვირინალის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართება, შემდეგ კი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის ორივე პალატაში გავა კენჭისყრაზე. შესაძლებელია, რომ ეს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდეს და მაშინ ახალი მთავრობა უფლებამოსილი იქნება, მუშაობას შეუდგეს.

ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა

ჯუზეპე კონტემ დღესვე, პრეზიდენტ მატარელასთან შეხვედრის შემდეგ, თავისი ახალი კაბინეტის შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას. მისი გამოსვლა RaiNews 24-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

კონტეს განცხადებით, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ლუიჯი დი მაიო იტალიის საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს: „საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი – ლუიჯი დი მაიო“, – წარმოთქვა მან სიის კითხვისას.

წინა სამთავრობო კაბინეტში 33 წლის დი მაიო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი იყო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალი უხელმძღვანელებს – მილანის პრეფექტი ლუჩანა ლამორჯეზე. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, მისი დამოკიდებულება მიგრაციის პრობლემასთან უფრო მოქნილია, ვიდრე მისი წინამორბედის – მატეო სალვინის, რომელიც შეუბრალებლად ებრძოდა ზღვით შემოსულ არალეგალურ მიგრანტებს.

ეკონომიკის სამინისტროს სათავეში ჩაუდგება ევროდეპუტატი დემოკრატიული პარტიიდან, ევროპარლამენტის ეკონომიკური და სავალუტო პრობლემების კომისიის ხელმძღვანელი რობერტო გუალტიერი.

„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ და „ლიგის“ ძველი კოალიციური კაბინეტიდან მხოლოდ 2 მინისტრი გადმოვიდა ახალ კაბინეტში – ორივე „ხუთვარსკვლავოსანი“: სერჯო კოსტა, გარემოს საკითხების მინისტრი, და ალფონსო ბონაფედე – იუსტიციის მინისტრი. კულტურის და ტურიზმის მინისტრის პოსტზე დარიო ფრანჩესკინი ბრუნდება, რომელიც ამ პოსტს დემოკრატიული პარტიის მთავრობების – მატეო რენცის (2014-2016) და პაოლო ჯენტილონის (2017) კაბინეტებში იკავებდა.

საინტერესოა, რომ ახალ კოალიციურ მთავრობაში აღმოჩნდა მემარცხენე იდეოლოგიის პატარა პარტიის „თავისუფლები და თანასწორები“ წარმომადგენელი რობერტო სპერანცა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პორტფელს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ახალ უმრავლესობას შეუძლია ამ პარტიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენატში (პარლამენტის ზედა პალატა) კენჭისყრისას.

მთლიანობაში მინისტრთა კაბინეტში შევიდა 21 მინისტრი და მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო მდივანი: მათგან 11 – „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წარმომადგენელია, 9 – დემოკრატიული პარტიის; მინისტრებიდან 7 ქალია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close