საბერძნეთი: 3 მიწისძვრა 20 წუთში კარპატოსზე

დოდეკანესის კუნძულების მოსახლეობამ, მიწისძვრების სერიით შეშფოთებულმა, კიდევ ერთი ღამე გაათენა ფხიზლად, დაძაბულმა – მიწისქვეშა ბიძგები ამ რეგიონში 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 4 სექტემბერს, დილით ადრე, 20 წუთის განმავლობაში 3 მიწისძვრა მოხდა!

გეოდინამიკის ინსტიტუტის მონაცემებით, რიხტერის სკალით 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ღამის 01:01 სთ-ზე კარპატოსიდან სამხრეთით, ზღვის ზონაში. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, 65 კმ-ის დაშორებით იყო, 7,5 კილომეტრის სიღრმეზე.

მანამდე, 15:51 სთ-ზე 3,3-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი კარპატოსიდან 84 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა (10 კმ-ის სიღრმეზე), ხოლო 16:10 სთ-ზე მოხდა 3,3-ბალიანი აფთერშოკი, ეპიცენტრით – 99 კმ-ში კარპატოსიდან სამხრეთით, 10 კმ-ის სიღრმეზე. 16:48 სთ-ზე მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე კი 2,8 ბალი იყო რიხტერის სკალით.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა როგორც კარპატოსზე, ისე როდოსზე, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. საბედნიეროდ, ადამიანებს რაიმე სახის დაზიანება არ მიუღიათ.

ამ რაიონში ბოლო დროს სეისმური აქტივობა საკმაოდ ინტენსიური იყო; ერთი კვირის წინ ასევე 4 მიწისძვრა მოიხდა 24 საათის განმავლობაში, რომელთაგან  ყველაზე ძლიერის (როდოსის სამხრეთით) სიმძლავრემ რიხტერის სკალით 4,9 ბალი შეადგინა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები