შეუცნობელიჰოროსკოპი

სიცოცხლის 12 ეტაპი და ზოდიაქოს ნიშნები

ძველმა ბერძნებმა ზოდიაქო განმარტეს, როგორც „სიცოცხლის წრე“ ანუ „დროის წრე“. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი განვითარების თორმეტ ეტაპს გადის და შემდეგ კვლავ უბრუნდება საწყის პოზიციას, ეს თორმეტი ეტაპი კი ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამება.

ასტროლოგიაში გამოყოფენ „სიცოცხლის წერტილს“, რომელიც დადგენილია, რომ წელიწადში 4,3 გრადუსი სიჩქარით მოძრაობს და თანმიმდევრობით გაივლის ზოდიაქოს ყველა ნიშანს, ვერძიდან დაწყებული, თევზებით დამთავრებული. თითოეულ ნიშანში „სიცოცხლის წერტილი“ შვიდი წლის განმავლობაში რჩება. თუ შვიდ წელიწადს თორმეტზე გავამრავლებთ, 84 წელს მივიღებთ. სწორედ ამ წლების განმავლობაში გადის ურანი – ზოდიაქოს მთავარი პლანეტა – თითოეულ ნიშანს და თუ გვეცოდინება ზოდიაქოს რომელ ნიშანში იმყოფება ჩვენი „სიცოცხლის წერტილი“, შეგვიძლია დავადგინოთ, რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე. თორმეტი ეტაპის გავლის შემდეგ „სიცოცხლის წერტილი“ კვლავ უბრუნდება საწყის პოზიციას – ვერძის პირველ გრადუსს – და ადამიანიც თითქოს თავიდან იწყებს სიცოცხლეს.

მუდმივი ძრავა

„სიცოცხლის წერტილის“ ათვლა 0-იდან იწყება და 7 წლამდე ყველაზე ენერგიული ზოდიაქოს ნიშნის – ვერძის მიხედვით მოძრაობს. ამიტომაც არიან ბავშვები ამ ასაკში საოცრად ენერგიულები, მოუსვენრები, ცნობისმოყვარენი, სურთ ყველაფერი გაიგონ და არ არსებობს ძალა, რომელიც მათ შეჩერებას შეძლებს. ნუ ეცდებით, რომ შეაჩეროთ, პირიქით, ყველანაირად შეუწყვეთ ხელი, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. მშობლების ძირითადი მოვალეობაა, სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი გაუღვივონ ბავშვებს, რადგან ვერძის დევიზმა – „მე მინდა“ – ეგოისტური თვისებები არ დაამკვიდროს მათ ბუნებაში. ნუ მისცემთ მათ სხვა ბავშვების ან ცხოველების ცემის უფლებას, ასწავლეთ ბუნების სიყვარული… და, რაც მთავარია, ეცადეთ ამ ასაკიდანვე გამოიმუშაონ ძლიერი ნებისყოფა, როგორც ამას ვერძის მბრძანებელი პლანეტა მარსი მოითხოვს.

გონიერი მოსწავლე

7-იდან 14 წლამდე „სიცოცხლის წერტილი“ კუროს ნიშანში გადადის. ამ ეტაპზე ყოვლად დაუშვებელია მშობლებმა შვილებს ყველა სურვილი და კაპრიზი შეუსრულონ. მეტიც, აუცილებელია ვასწავლოთ მათ, რომ კონტროლი გაუწიონ საკუთარ ემოციებსა და აგრესიას, განავითარონ და ყოველ წამს ავარჯიშონ გონება, არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ბავშვის იზოლირებას თანატოლებისგან, თუმცა ყურადღებით დააკვირდით იმ წრეს, რომელშიც იგი ტრიალებს, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება მოზარდის მიერ ნეგატიური ენერგიის შეთვისება. ბავშვის განვითარებაზე უდიდეს როლს თამაშობს ის გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება.

7-იდან 14 წლამდე იზრდება ბავშვის ინტერესი ხელოვნებისა და ესთეტიკის მიმართ. ხელი შეუწყვეთ მას ამაში. საუკეთესო პერიოდია სამუსიკო ან სამხატვრო სასწავლებლებში მათ შესაყვანად. 12-იდან 14 წლამდე მოზარდებს გარკვეული დამოკიდებულება უღვივდებათ წინაპრებისადმი. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში მათ ფილოსოფიის ანბანშიც ჩაახედებთ.

ინფორმაციის შემკრები

15-იდან 21 წლამდე „სიცოცხლის ნიშანი“ ზოდიაქოს მორიგი ნიშნის, „ტყუპების“ ზეგავლენას განიცდის. ამ პერიოდში აუცილებელია ინტელექტისა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება. თხუთმეტი წლიდან მოზარდი სიცოცხლის იმ პერიოდში შედის, როცა უკვე ვალდებულია ანგარიში გაუწიოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნებისმიერ კანონს. შეეცადეთ ამ ასაკში ახალგაზრდებმა უარი თქვან უარყოფით თვისებებზე, როგორიცაა: უპასუხისმგებლობა, სპეკულაცია, ჭორაობა და ა. შ. ყურადღება მიაქციეთ მათ სექსუალურ აღზრდას და ეცადეთ, სწორი ორიენტაცია მისცეთ მათ ამ მხრივ. ამ ასაკში კარგია მოგზაურობა და სხვა ქვეყნების კულტურათა გაცნობა.

ზუსტი თვითანალიზი

21-იდან 28 წლამდე „სიცოცხლის წერტილი“ კირჩხიბის ზოდიაქოში იმყოფება. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ამ დროს ხდება შინაგანი სამყაროს სრულყოფა. თვითანალიზის საშუალებით ადამიანი უნდა შეეცადოს მაქსიმალურად აარიდოს თავი ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორიცაა: ეჭვიანობა, სიძუნწე, ბოროტება… ამ შვიდწლიან ციკლში ყველაზე რთული 25-26 წლებში გაჩენილი ყველაფრის მიტოვების სურვილის ზღვარს გადაბიჯებაა. ხშირად სწორედ ამ პერიოდში გადადგმული არასწორი ნაბიჯი ართულებს ცხოვრებას.

კარგია, თუ სწორედ ამ პერიოდში იყოლიებთ შვილებს, რადგან ამ დროს ისინი შეითვისებენ მშობლებისთვის დამახასიათებელ ყველა საუკეთესო თვისებას.

უკეთესის ღირსი ვარ

28-იდან 35 წლამდე „სიცოცხლის წერტილი“ ლომის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში იმყოფება. ამ ასაკის ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა ავანტურიზმის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილებაა. ასეთ ცდუნებებთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება კი რელიგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებაა.

28-32 წლები გარდამტეხი ასაკია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს ოჯახთან დაკავშირებული ყველა პრობლემა უკანა პლანზე გადადის და წინ იწევს საკუთარი „მე“-ს გამოვლენის ინტერესი. ადამიანი ცდილობს საკუთარი თავი ისე წარმოაჩინოს, რომ იგი ყველამ შეამჩნიოს და შეაფასოს. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის. 32 წლიდან ძლიერდება გრძნობების ცვალებადობა და ხშირად მეუღლის მიტოვების სურვილიც კი იჩენს თავს. ნუ მიენდობით იმპულსებს, ეცადეთ გააანალიზოთ წარსული, კარგად აწონ-დაწონოთ მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. კარგად დაფიქრდით, რადგან თქვენი ეს გრძნობათა მერყეობა მხოლოდ ერთ წელიწადს გაგრძელდება და ნუ შეუქმნით პრობლემებს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ შვილებიც გყავთ…

პირველი გამოცდა

35-იდან 42 წლამდე „სიცოცხლის ნიშანი“ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. ესაა პერიოდი, როცა ადამიანმა ლომის ასაკში დაგროვილი ენერგიის დიდი ნაწილი უნდა გასცეს. ამ პერიოდში აუცილებელია ყველა პრობლემა მკაფიოდ და მეთოდურად გადაწყვიტოთ. ეს არის პირველი გამოცდა იმისა, თუ როგორ იცავთ ზოდიაქოს პრინციპებს, ითვალისწინებთ თუ არა მათ. თუ არ ითვალისწინებთ, მაშინ არაერთი პრობლემის წინაშე დადგებით, იქნება ეს სამსახურის დაკარგვა, ოჯახური უსიამოვნებები, ავადმყოფობა თუ სხვა… ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, კვებას და, რაც მთავრია, მოემზადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში: 42 წელი უკვე ურანის ნახევარციკლია, ამ წელს „სიცოცხლის წერტილი“ „სიცოცხლის ეკვატორს“ გადაჭრის. ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ამ ასაკში ცდილობს ცხოვრების შეცვლას: იცვლის ოჯახს, სამუშაოს, გატაცებებს…

მოწიფულობა და ჰარმონია

42-იდან 49 წლამდე „სიცოცხლის წერტილი“ სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია. ეს პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში სიმწიფისა და ჰარმონიულობის ეტაპია. ამ წლებში ხდება ყველაფრის რეალიზება, რაც წინა წლებში დაგროვდა მის ცხოვრებაში. სასწორის მთავარი პლანეტა ვენერაა. სწორედ ვენერა ხელმძღვანელობს ამ წლებში ადამიანს, რომელიც სასარგებლო კავშირების დამყარებისკენ მიისწრაფვის. ამ პერიოდში კარგია პრესტიჟულ სამუშაოზე ფიქრი. ეცადეთ ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი ორგანიზატორული შესაძლებლობები, თავი აარიდოთ ეგოცენტრიზმს, ზედმეტ თავმოყვარეობასა და დიქტატს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ტალანტის განვითარებისთვის.

ჟანრის  კრიზისი

49-იდან 56 წლამდე „სიცოცხლის ნიშანი“ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მოძრაობს. ეს პერიოდი საკმაოდ მძიმე და კრიტიკულია: იცვლება ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა, დიდია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების შანსი… 52 წლის ასაკში ბევრს უჩნდება ერთგვარი სექსუალური სინდრომი – სექსუალური დაუკმაყოფილებლობის სახით. გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები.  ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, დაინტერესდით ფსიქოლოგიით… ამ პერიოდში ბედისწერა გამოსწორების შანსს აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც ცხოვრების არასწორი გზა აირჩიეს.

შემოწმება #2

56-იდან 63 წლამდე მშვილდოსნის ასაკია და „სიცოცხლის წერტილიც“ ამ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. ამ პერიოდში ადამიანი ფილოსოფიასა და რელიგიას უღრმავდება და ცდილობს, მოიხვეჭოს ავტორიტეტი, ერთდროულად დაეუფლოს რამდენიმე მეცნიერებას, რაც, როგორც წესი, არასოდეს გაამართლებს, რადგან რამდენიმე საქმეს შეჭიდებულ ადამიანს საბოლოოდ არაფერში უმართლებს, ამიტომ ამოირჩიეთ რაიმე კონკრეტული და ჩაუღრმავდით მას.

უკანასკნელი შანსი

63-იდან 70 წლამდე „სიცოცხლის წერტილი“ თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს გადის. 63 წლის ასაკში ადამიანი საბოლოო არჩევანის წინაშე დგება – მას საშუალება აქვს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. ის, ვინც მცდარ არჩევანს აკეთებს, როგორც წესი, ან სამუდამოდ ემშვიდობება სიცოცხლეს ან ძლიერ ამახინჯებს საკუთარ სულს. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ახალი ოჯახის შექმნას ცდილობენ. ასეთი შემთხვევების 90 პროცენტი მარცხით სრულდება. ძველის განადგურება ძალიან ადვილია, ახლის შექმნა კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი.

თხის რქის ასაკში აუცილებელია უარი ვთქვათ გარკვეულ სტერეოტიპებზე და საბოლოოდ ავირჩიოთ სწორი ცხოვრებისეული მიმართულება; ვისწავლოთ მოვლენების ზუსტი შეფასება, არ მოვახვიოთ სხვებს თავს ჩვენი შეხედულებები და ყურადღებით მოვუსმინოთ ოპონენტებს. ბევრ შემთხვევაში კომპრომისებზე წასვლაც მართებული და სასარგებლო იქნება.

სიცოცხლის განჭვრეტა

70-იდან 77 წლამდე „სიცოცხლის წერტილი“ მერწყულის ზოდიაქოს გავლენას განიცდის. ამ პერიოდში ცხოვრებას ფილოსოფიური თვალსაზრისით ვაფასებთ.  სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი რამდენჯერმე იცვლის თავის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი. თუ ბავშვობაში მისი დევიზია „მე“, ახალგაზრდობაში ამბობს „მე და სამყარო“, მოწიფულ ასაკში – „ სამყარო და მე“, მერწყულის ასაკში კი ისღა დარჩენია, „სამყარო“ წარმოთქვას. თუ წლების მატებასთან ერთად ადამიანს სამყაროს აღქმის ასეთი განცდა არ ეუფლება, მისი სულიერება თანდათან ქრება, რაც სხეულის ფიზიკური განადგურების წინაპირობაა.

ეს ის პერიოდია, როცა ადამიანს განმარტოება სურს, რადგან ცხოვრებისეული პროგრამა შესრულებულია. ნუ დანებდებით! -სიცოცხლით ტკბობასთან ერთად გამოიჩინეთ სიბრძნე და კაცთმოყვარეობა, მაშინ თქვენი ღრმა აზროვნების, სამართლიანობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამო ახლობლები უფრო მეტად დაგაფასებენ.

უმაღლესი ჰარმონიულობა

77-იდან 84 წლამდე „სიცოცხლის წერტილი“ თევზების ზოდიაქოს ნიშანში შედის. ამით სრულდება ცხოვრების სრული ციკლი, ადამიანისთვის ყველაფერი ნათელი და გასაგებია, იგი გრძნობს ბუნებასთან კავშირს და ერთიანობას. დგება სულიერი და კოსმიური ჰარმონიულობის ჟამი. ადამიანი სიცოცხლით ტკბება. განსაკუთრებული სულიერების მქონე პიროვნებები სწორედ ამ პერიოდში ამყარებენ კონტაქტს კოსმიურ  პირველწყაროებთან.

ზოდიაქოს გრადუსების „ანატომია“

სიცოცხლის წერტილი ზოდიაქოს მიხედვით

იმის გარკვევა, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანში იმყოფება „სიცოცხლის წერტილი“, ძალზე მარტივია. საკმარისია ვიცოდეთ საკუთარი ნაკლოვანი მხარეები და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება, თუმცა არის ერთი მომენტი, რომელიც ფრიად ანგარიშგასაწევია.

როგორც ცნობილია, ზოდიაქო 360-გრადუსიანი რკალია. ასტროლოგები უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ და აფიქსირებდნენ პლანეტების ზეგავლენას თითოეულ ამ გრადუსში. მესამე საუკუნეში ეგვიპტელებმა კალენდარი შეადგინეს, რომელშიც ზედმიწევნითაა აღწერილი ზოდიაქოს ყველა გრადუსი. ამ დახასიათებებში განსაკუთრებით საინტერესოა თოთხმეტი გრადუსის აღწერა, რომელთაგან შვიდს „მეფურ“ ანუ ბედნიერების მომტან გრადუსებს უწოდებენ, შვიდს კი – „მონურს“ ანუ უიღბლოს. გაამრავლეთ „სიცოცხლის წერტილის“ მოძრაობის სიჩქარე  (4,3 გრადუსი წელიწადში) თქვენს წლოვანებაზე და გაარკვიეთ, თუ რამდენად ახლოს ხართ „მეფურ“ ან „მონურ“ გრადუსებთან.

„მეფური“ გრადუსები

მე-18 გრადუსი: საოცარი სიმამაცე და თავდადება გახასიათებთ. გაქვთ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ყველა საქმეში წარმატება გელით.

68-69 გრადუსი: იზრდება ინტუიციის გრძნობა და გონებრივი აქტივობა. წარმატება ყველა საქმეში გარდაუვალია. გაგიჩნდებათ მიდრეკილება მეცნიერებისა და დიპლომატიისადმი.

126-127 გრადუსი: თქვენთვის ტალანტის გაფურჩქვნის პერიოდია. შანსი გექნებათ, კარგი ადგილი დაიკავოთ საზოგადოებაში.

174-175 გრადუსი: წვრილმანებშიც კი გაგიმართლებთ. საღი გონება და არაჩვეულებრივი ლოგიკური შესაძლებლობები ხელმძღვანელი თანამდებობისკენ გიბიძგებთ.

222-223 გრადუსი: ყველა პრობლემას გადაჭრით, საიდუმლოებების გახსნასაც კი შეძლებთ. ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი იპოვით გამოსავალს.

280-281 გრადუსი: მიზნის მიღწევის გრადუსია. თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, კარგი ცხოვრება გელით.

329-330 გრადუსი: ადამიანს ძლიერი ხასიათით აჯილდოებს და უზრუნველყოფს ყოველგვარი წინააღმდეგობის გადაჭრის უნარით. წლების განმავლობაში თქვენ ძალიან საპატივსაცემო მდგომარეობას დაიკავებთ საზოგადოებაში.

„მონური“ გრადუსები

22-23 გრადუსი: სიჯიუტე, ნერვული სტრესი, სურვილების არასწორი გზით გამჟღავნების ჩვევა… ამ ყველაფრის გამო ადამიანი თავს უიღბლოდ გრძნობს და არანაირი საქმე არ გამოსდის.

72-73 გრადუსი: ადამიანს „ჩასაფრებული ჰყავს“ ინტრიგა, ტყუილი, ქურდობა, ურთიერთობების სირთულე და არასასიამოვნო გარემო.

129-130 გრადუსი: პესიმიზმი, უნებისყოფობა, საკუთარი თავის მიმართ რწმენის დაკარგვა და, ამავე დროს, ამპარტავნება ანგრევს თქვენს ცხოვრებას.

180-181 გრადუსი: სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთში არევა, ურთიერთობის გაწყვეტა, ბილწსიტყვაობა, საზოგადოებაში მდგომარეობის დაკარგვა უსიამოვნებებს შეგიქმნით.

288-289 გრადუსი: ცხოვრების გზის არასწორი არჩევანი, პესიმიზმი, მიზნების განუხორციელებლობა რთულ მომავალს გიქადით.

334-335 გრადუსი: მასიური ფსიქოზი, ვალები და უსიამოვნებები – ამან შეიძლება  ძალიან გაგიფუჭოთ ნერვები.

გაითვალისწინეთ, რომ თუ „მონური“ გრადუსების ზემოქმედებას იგრძნობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უსიამოვნებები გელით: არსებობს უამრავი ინდივიდუალური ფაქტორი, რომელიც უარყოფითი გრადუსების ზემოქმედებას ამსუბუქებს. იგივე შეიძლება ითქვას „მეფურ“ გრადუსებზე. ყურადღებით მოეკიდეთ ამ გაფრთხილებებს: თუ უარყოფითი გრადუსის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით, მოიკრიბეთ ძალა და მიიღეთ უსაფრთხოების აუცილებელი ზომები, ხოლო დადებითი გრადუსების ზემოქმედების გავლენით ძალიან ნუ გათამამდებით, რადგან შესაძლოა მოულოდნელობებმა განწყობა გაგიფუჭოთ.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close