ახალი (ძველი) კანდიდატები: პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია, შს მინისტრი – ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას ასახელებს. საინტერესო დეტალია, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, გიორგი გახარია იქნება პრემიერ-მინისტრობის პირველი კანდიდატი, რომელსაც პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელმოწერით წარუდგენენ.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია და ბოლო პერიოდში არაერთი რეზონანსული მოვლენაც მის სახელს უკავშირდება.
პარტიული საქმიანობის დაწყებამდე გახარია კერძო სექტორში საქმიანობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, 2013 წლის მარტში იგი ბიზნესომბუდსნები გახდა და ამ თანამდებობაზე დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იმუშავა, 2016 წლის ივლისამდე. რამდენიმე თვეში იგი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, 2017 წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა. ამ პერიოდიდან იყო იგი ვიცე-პრემიერიც.
შს მინისტრის პოსტზე მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ხორავას ქუჩის საქმე – მაშინ მან პირობა დადო, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა და აუცილებლად დაადგენდა დავით სარალიძის რეალური მკვლელის ვინაობას. მეორე მნიშვნელოვანი საქმე მისი შს მინისტრობის პირველ თვეებში ასევე იყო ღამის კლუბების საქმე.
თბილისის ცენტრში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე იგი პირადად მივიდა და აღელვებულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა. მისი მინისტრობის პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო პანკისში განვითარებული მოვლენები, როდესაც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი, ფაქტობრივად, უკონტროლო პროცესში გადაიზარდა, თუმცა გიორგი გახარიამ, ადგილზე მისვლის შემდეგ, ამ შემთხვევაშიც მოახერხა სიტუაციის განმუხტვა.
გახარია „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში დღემდე არის ოპონენტების თავდასხმების მთავარი ადრესატი. სულ ბოლოს მისი გადადგომის მოთხოვნა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, ამ მოთხოვნით დღესაც გამოდიან ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეთა ერთ ჯგუფი.
პოლიტიკური დეჟავიუ – გახარიამ შს მინისტრად გომელაურის, თავდაცვის მინისტრად კი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მთავრობის შემადგენლობასა და პროგრამას პარლამენტში დღესვე წარადგენს. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს.
ბატონი ლევან იზორია დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს. ეს არის ცვლილებები, რომელიც გააძლიერებს გუნდს და გახდის მას ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია, დანარჩენი ყველაფერი, რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ“, – განმარტა გიორგი გახარიამ.
ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან – 2013 წლის 20 ნოემბრამდე შსს-ს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება გომელაურს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2015 წლის იანვარ-აგვისტოშიც იკავებდა, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2 სექტემბერს დატოვა.
კომენტარები