მიგრაციამოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება

როგორ ვიფრინოთ იაფად – ბიუჯეტური ავიაკომპანიების მომსახურებით სარგებლობის საიდუმლოებები

ბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი თბილისიდან და ქუთაისიდან ავიარეისებს ნოემბრის პირველი რიცხვებიდან იწყებს. იაფი ავიაბილეთებით სახელგანთქმული ავიაკომპანია რიგითი ქართველისთვის ევროპაში მოგზაურობის კარგი საშუალებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანიით სარგებლობა ძვირ სიამოვნებად არ იქცეს, საჭიროა რამდენიმე თავისებურებისა და რეკომენდაციის გათვალისწინება.

წლების წინ ქართული საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილმა ძალიან სკეპტიკურად მიიღო ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის გამოჩენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრებისთვის უცხო აღმოჩნდა როგორც ბილეთების ონლაინ შეძენის პროცესი, ისე ონლაინ რეგისტრაცია და ბარგის პოლიტიკის დეტალებში გარკვევა, თუმცა დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა და ახლა Wizz Air-ი საქართველოში მთავარი ავიაგადამზიდველია.

Ryanair-ის მომსახურებაც ონლაინ პლატფორმას ეფუძნება და იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები, საჭიროა მისი ბილეთების შეძენას მიუდგეთ არა ისე, როგორც სხვა ავიაკომპანიების შემთხვევაში, არამედ უნდა გაითვალისწინოთ ბილეთში შემავალი სხვადასხვა კომპონენტი, მაგალითად, კვება, სხვადასხვა ზომის ბარგი, ურიგოდ რეგისტრაცია და ასე შემდეგ.

ბილეთების ძიება

ქუთაისს ამ წლების მანძილზე უამრავი უცხოელი ესტუმრა მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ იქ ევროპიდან ჩასვლა ბიუჯეტური ავიაკომპანიის მეშვეობით დასავლეთ ევროპის რომელიმე ცნობილი ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დღიური ბილეთის ფასი ჯდება. ასეთი მოგზაურები მხოლოდ იაფი ბილეთის აღმოჩენის შემდეგ იწყებენ კონკრეტული ქალაქისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესწავლას.

Ryanair-ის იაფი ბილეთების ძიებისას დაივიწყეთ ტრადიციული მიდგომა, არ დაელოდოთ დაბალ ფასებს თქვენთვის ხელსაყრელი კონკრეტული თარიღის მიხედვით, არამედ მოგზაურობა დაგეგმეთ იმის მიხედვით, თუ როდის არის ყველაზე დაბალფასიანი ბილეთების შეძენის შესაძლებლობა. ხელსაყრელი ფასები შეგიძლიათ იხილოთ ავიკომპანიის შესაბამის ვებგვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების ფასები ხშირად იცვლება. მაგალითად, 21 აგვისტოს, მაშინ როდესაც საქართველოში Ryanair-ის შემოსვლა გამოცხადდა, თბილისი-მილანის ბილეთის ფასი 20 ევრო იყო, დღის ბოლოს ღირებულება 35 ევრომდე გაიზარდა, რადგან ბევრმა მსურველმა დაუფიქრებლად შეიძინა უჩვეულოდ იაფი ავიაბილეთები. ასევე იაფი, ხელსაყრელი ვარიანტების მოსაძებნად ეწვიეთ სპეციალიზებულ ფეისბუკჯგუფებს, სადაც ხშირად ქვეყნდება ინფორმაცია იაფი ავიაბილეთების შესახებ.

ბილეთის შეძენა

მას შემდეგ, რაც თქვენთვის მისაღებ ვარიანტს შეარჩევთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ბილეთი შეძენის პროცესში არ გაძვირდეს. მაგალითად, ავირჩიეთ წლის ბოლომდე არსებული თბილისი-მილანის ყველაზე იაფი ვარიანტი. 11 დეკემბერს ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 26.55 ევროს შეადგენს. უკან დასაბრუნებლად ავირჩიოთ 15 დეკემბერი – 43.53 ევრო და, შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება გამოვიდა 70.08 ევრო, ანუ, შესაბამისი კურსით, 228 ლარი.

მე პირადად მაქსიმალური სიიაფის მისაღწევად ჯერ შევიძენ ხოლმე ერთი მიმართულების იმ ბილეთს, რომლის ფასიც მისაღებია, შემდეგ კი ველოდები მეორე მიმართულების გაიაფებას. თუ თადარიგს 3 თვით ადრე მაინც დაიჭერთ, სრულიად შესაძლებელია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა. რაც უფრო ახლოვდება თქვენი გაფრენის თარიღები, ბილეთები მით უფრო ძვირდება, თუმცა არის ხოლმე გამონაკლისებიც, სხვადახვა თარიღებთან დაკავშირებული ფასდაკლებები და ასე შემდეგ.

გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის შეძენისას სისტემა შემოგთავაზებთ უამრავ სერვისს. უნდა აირჩიოთ მხოლოდ ის, რომელიც აუცილებლად გესაჭიროებათ. მაგალითად, უნდა შეარჩიოთ ის ბარგი, რომელშიც თქვენი ნივთები მოთავსდება – ვთქვათ, უფასო ხელბარგი ან 10-კილოგრამიანი ჩანთა, რომელიც 6-10 ევრო ღირს. უფრო დიდი მოცულობის ბარგი ბილეთს აძვირებს, ისევე როგორც თვითმფრინავში სავარძლის არჩევა. მე პირადად სავარძლს ავტომატურად, შემთხვევით (რანდომ) არჩევის ფუნქცით ვჯავშნი.

ბილეთის შეძენისას ნუ იჩქარებთ ფასიანი „ჩეკინის“ – რეგისტრაციის – გაკეთებას. სისტემა უფასო რეგისტრაციის საშუალებას გაფრენის თარიღამდე ორი დღის მანძილზე მოგცემთ. უფასო რეგისტრაცია გაფრენამდე 2 საათით ადრე წყდება და, თუ ვერ მოასწარით, ადგილზე დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. რეგისტრაცია საჭიროა იმისთვის, რომ სისტემამ ჩასხდომის ბარათი მოგანიჭოთ, რომელიც წარმოადგენს ავიაბილეთის საბოლოო სახეს და მასზე ასახულია თქვენი პირადი მონაცემები, თვითმფრინავში სავარძლის ნომერი და სხვა დეტალები. შეგიძლიათ ჩასხდომის ბარათი ამობეჭდოთ ან ელექტრონული ფორმით – მობილურით – წარადგინოთ აეროპორტში (ბილეთის შეძენის დეტალური ინსტრუქცია იხ. აქ).

სრული ვერსიის დანახავად გადადით ბმულზე:

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close