ანარქისტებისა და პოლიციის შეტაკება ათენის ცენტრში

29 აგვისტოს, ღამით შეტაკება მოხდა ანარქისტებსა და პოლიციას შორის ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ექსარხიაზე.

ინციდენტი პოლიციაზე ანარქისტების თავდასხმით დაიწყო. რამდენიმე დღის წინათ საბერძნეთის მთავრობამ ექსარხიის რაიონში მცხოვრები სირიელი ლტოლვილები გამოასახლა და დაცლილ სახლებს პოლიცია იცავდა. სწორედ მათ შეუტიეს მოლოტოვის კოქტეილებით ანარქისტებმა.

თავდასხმა ღამის 12 საათზე ტოსიცისა და სპირუ ტრიკუპის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა თავდასხმელების განეიტრალება და დაკავება სცადა. ანარქისტების დევნისას მათ ექსარხიის მთავარ მოედანს მიაღწიეს, სადაც მწვავე შეტაკება მოხდა. ცრემლსადენი გაზით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მაღაზია დაზიანდა. პოლიციამ 7 ანარქისტი დააკავა, მაგრამ დღეს დილით ისინი გაანთავისუფლეს. დაზარალებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ. არცერთი მათგანი სერიოზულად არ დაშავებულა.

კომენტარები