ქართულ-შვედურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით „ოსკარზე“ წარადგენენ(ვიდეო)

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრულ  ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით „ოსკარზე“ წარადგენენ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის, მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე შეუყვარდება.

„ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე“, – აცხადებს ლევან აკინი.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალზე 16 მაისს გაიმართა.

ივლისში ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც  ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაიწყება.

ფილმი მოცეკვავე გეების სიყვარულზე მისი რეჟისორის, ლევან აკინის ინტერვიუთი ერთი თვის წინ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

„გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლევანი ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ გენერალურ დირექტორს, ნინო სუხიშვილს მისთვის მოცეკვავეების დაბლოკვაში ადანაშაულებდა.

სცენარის მიხედვით, სწორედ „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის მოცეკვავეებზე უნდოდა ფილმის გადაღება და უარი ნინო სუხიშვილისგან ამიტომაც მიიღო. როგორც ნინო სუხიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, აკინს სცენარში ეწერა, რომ ფილმის გადაღება „სუხიშვილების“ ბაზაზე სურდა.

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია.

უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება?! მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო?! რაში მეხება სხვა მოცეკვავე?! რა უფლება მაქვს, დავბლოკო?!

მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები