იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ისევ ამოიფრქვა, ამჯერად უმსხვერპლოდ (ვიდეო)

იტალიაში ისევ გააქტიურდა ვულკანი სტრომბოლი, რომელიც სიცილიასთან ახლოს, ტირენიის ზღვაში, ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს.

ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ინფორმაციით, კრატერიდან ამოფრქვეულმა მასამ რამდენიმე ასეულ მეტრს მიაღწია. ვულკანოლოგების ინფორმაციით, სტრომბოლიდან ფერფლი და ვულკანური მასები ორ თვეზე ნაკლებ დროში მეორედ ამოიფრქვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტრომბოლის ამოფრქვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ვულკანის ფერდობზე ხანძრები გაჩნდა, რომელსაც სახანძრო სამსახურები აქრობენ. ვულკანის მიმდებარე ტერიტორია ქვიშითა და ფერფლით არის დაფარული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვულკანმა ტურისტებში პანიკა გამოიწვია.

ვულკანი სტრომბოლი სამ ივლისსაც ამოიფრქვა. მაშინ ერთი ტურისტი დაიღუპა და ერთი მსუბუქად დაშავდა.

სიცილიის რეგიონის მთავრობამ ვულკანის გააქტიურების გამო რამდენიმე საათით კუნძულის სიახლოვეს ნავებით გადაადგილება შეზღუდა.

ვულკანი სტრომბოლი მუდმივად აქტიურია ბოლოს 20 ათასი წლის განმავლობაში. ის ცნობილია ხშირი თუმცა არც ისე დიდი ამოფრქვევებით. ვულკანის სიმაღლე 926 მეტრია ზღვის დონიდან და 2 ათას კილომეტრზე მეტი – ზღვის ფსკერიდან. მას აქვს 3 აქტიური კრატერი.

კომენტარები