სალვადორის სასამართლომ გაამართლა ქალი, რომელსაც მუცლის მოშლის გამო 40-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა

სალვადორის სასამართლომ გაამართლა 21 წლის ეველინ ერნანდესი, რომელსაც მუცლის მოშლის გამო მკვლელობის მუხლით 40-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

როდესაც ეველინ ერნანდესი 18 წლის იყო, ის ადგილობრივი კრიმინალური ბანდის ერთ-ერთმა წევრმა გააუპატიურა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ დაფეხმძიმდა. როდესაც ეველინს მუცელი მოეშალა, მან გონება დაკარგა. პროკურორები სასჯელის სახით 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ, ქალთა უფლებების ადგილობრივი და საერთაშორისო დამცველები კი მის გამართლებას მოითხოვდნენ.

თავდაპირველად ერნანდესს აბორტის გაკეთებაში ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლით შეიცვალა.

„ორსულობის შესახებ რომ მცოდნოდა, ბავშვის დაბადებას სიამაყითა და სიხარულით დაველოდებოდი. მადლობა ღმერთს, რომ სამართლიანობა აღდგა. ახლა სწავლის გაგრძელებას ვაპირებ“, – განაცხადა ეველინ ერნანდესმა.

სალვადორში აბორტის საკითხებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი კანონმდებლობა მოქმედებს. ქვეყანაში აბორტები აკრძალულია, მათ შორის, გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაშიც, კანონდამრღვევებს კი ორიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

imedinews.ge

კომენტარები