დღის თემაქართველები უცხოეთშისაბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

NOSTAL.GE-ს განცხადება: ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას, თითქოს საბერძნეთში ქართველებს დევნიან!

ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს საბერძნეთში, ქალაქ ათენში არალეგალური იმიგრანტების მასობრივი დაპატიმრება-დეპორტაცია დაიწყო და, ამავე დროს, თითქოს განსაკუთრებულად დევნიან საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენი საიტი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ასეთი სახის ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ბუნებრივია, რომ პერიოდულად ხდება საპოლიციო კონტროლი ქალაქის ქუჩებში და ასეთი ღონისძიების შედეგად შესაძლებელია რომელიმე ჩვენი არალეგალი თანამემამულე დაზარალდეს, მაგრამ ეს ყოველთვის ხდებოდა და ამაში რაიმე ახალი და განსაკუთრებული არ არის. მით უმეტეს, გამორიცხულია საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ არალეგალების ეროვნების მიხედვით დაყოფა – ასეთი პრაქტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ საქართველო ე. წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღებაზე უარის სათქმელად იურიდიული საბაბი ჰქონოდათ. საბერძნეთი ამ პოლიტიკას თავიდანვე არ შეუერთდა და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლებაც არ აპირებს, ამ თვალსაზრისით რამე შეცვალოს.

ჩვენ ყურადღებით  ვაკვირდებით იმ ცვლილებებს, რომლებიც საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობაში შედის და დროულად გაწვდით სიახლეებს, რათა შეძლოთ იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც პერიოდულად ჩნდება. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გვიგულეთ თქვენ გვერდით და იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს საიტზე ქვეყნდება, წინასწარ მოწმდება, რათა ჩვენი მოქალაქეები უნებლიეთ შეცდომაში არ შევიყვანოთ. მით უმეტეს, გამორიცხულია ჩვენს საიტზე სენსაციის გამოქვეყნებით თქვენი შეგნებულად მოტყუება.

nostal.ge-ს გუნდი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close