ცუცა კაპანაძე: „უცხო ქვეყანაში არასოდეს იქნები იმ ქვეყნის შვილი…“

ცუცა კაპანაძე, რომელიც 12 წელზე მეტია აშშ-ში ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს.

ადამიანი როდესაც გარემოს იცვლის

ცდილობს, შეეგუოს ახალს, იქაური ქუდი დაიხუროს, მაგრამ არ დაკარგოს თავისი ადათ-წესები…

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს...

მოსწყვიტო დედის გულს ბავშვი, რომელსაც დედის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, რომელსაც ყველა და ყველაფერი ენატრება.

მშობლებს დაშორებული შვილები...

ფრთამოტეხილ თოლიებს ჰგვანან, რომლებიც ცხოვრების რთულ და ეკლიან გზას თავად იკვლევენ, უფრო ძლიერები, მომთმენები და მებრძოლები ხდებიან.

უკვე მივეჩვიე

რომ მქვია ემიგრანტი…

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო....

ყოველთვის ჩემს ქვეყანაში ვარ და ვფიქრობ, სწორი გადაწვეტილება მივიღე თუ არა, როდესაც ემიგრანტი გავხდი.

განსხვავება უცხო ქვეყანასა და სამშობლოს შორის...

უცხო ქვეყანაში არასოდეს იქნები იმ ქვეყნის შვილი, როგორც შენი ქვეყნის შვილი ხარ…

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ

თუ მიდიხარ სასწავლებლად, კარგია, მაგრამ უნდა დაბრუნდე და შენი ცოდნა და გამოცდილება მოახმარო სამშობლოს.

საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ

რომ ვარ ქართველი, რომ ყველა ქვეყანაში გვყავს და გვყავდა წარმატებული ქართველები ყველა სფეროში. გვყავს არაჩვეულებრივი მომავალი თაობა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ აღადგინოს ჩატეხილი ხიდი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შორის – მათ შესწევთ ამის ძალა.

გულით დავატარებ

სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების სიყვარულს…

რომელი ლექსი შეეფერება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას?

ვაჟას „არწივი“.

რას დახატავდით, თუ გთხოვდნენ, რომ ნახატით აღგეწერათ ჩვენი დღევანდელი ყოფა?

ძალიან დიდ გახლეჩილ გულისგულში – საქართველოს ისრით…

საქართველოვ

შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!

ჩვენი დროის გმირი

ყველა ის ადამიანი, ვინც უთანასწორო ბრძოლაში დაეცა და თავი შესწირა სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლებას და უკეთეს მომავალს.

არასოდეს დამავიწყდება

1993 წელი, სოხუმის დაცემა; 2008 წელი, რომელმაც უდიდესი ტკივილი, მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა.

გული მტკივა, რადგან

საზოგადოება პოლიტიკისა და პოლიტიკოსების გამო გახლეჩილია, დაიკარგა ის ურთიერთობები, უფროს-უმცროსის პატივიცემა, რითაც ვამაყობდით…

ვეღარ ვუძლებ

გულდაკორტნილ, შუაზე გაგლეჯილ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ყოველი მხრიდან ყვავ-ყორნები შემოსევიან და გლეჯენ… საქართველო დღეს ვაჟას არწივია, ეს ყველას ტკივილია.

რა გადაგვარჩენს?

გადაგვარჩენს სიყვარული, მიტევება, ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთად საქმის კეთდება…

მჯერა

ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ დიდი გამოცდის წინაშე ვართ, ახლა მაჭარს ვგავართ, რომელიც დუღს და როდესაც სვამ, იკბინება, მაგრამ მაჭარიც ღვინდება, „ბრძენდება“ და შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში დგება. ჰოდა, ალბათ ჩვენც დავღვინდებით და, უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მოთმინება.

ჩემი ნიჭი, შემოქმედებითი უნარი, რითაც ვახერხებ დავკავდე

ჩემი ხელოვნება, თეატრი, ჩემი პროფესია.

ბედნიერი ვარ, რადგან

ემიგრაციაში ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ვემსახურები ჩემს ხალხს და ქვეყანას, ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებს ვუნერგავთ სამშობლს სიყვარულს, რათა არ მოსწყდნენ მამაპაპისეულ ფესვებს.

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები

ისევ ჩემი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩავებმები ჩემი ხელოვნებით.

კომენტარები