„ბიბისი“ – რა ღირს გრენლანდია და რაში სჭირდება კუნძული დონალდ ტრამპს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გრენლანდიის ყიდვა სურს, მაგრამ დანიამ ეს წინადადება უარყო. ამის გამო, დონალდ ტრამპმა დანიის სამეფოში ვიზიტი გააუქმა.
რა სიმდიდრეს მალავს გრენლანდია?
გრენლანდიის ტერიტორიის 80% ყინულით არის დაფარული. კუნძულზე სულ 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სანაპიროზე ბევრი თევზია, ხოლო ნიადაგი სასარგებლო წიაღისეულითაა მდიდარი, რომლის მოპოვებაც უახლოეს წლებში უფრო იოლი გახდება, რადგან გლობალური დათბობა გარდაუვალია.
გრენლანდიაში არის ნავთობი, ურანი და იშვიათი მეტალები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებისთვის, თუმცა ამგვარი მეტალების 70% ჩინეთში მოიპოვება, რომელთანაც ტრამპს „სავაჭრო ომი“ აქვს გაჩაღებული.
თავის მხრივ, ჩინეთმა უკვე იყიდა იშვიათი მეტალების საბადოები აფრიკის კონტინენტზე. მართალია, პეკინმა პირობა დადო, რომ ამ მეტალების მსოფლიო ბაზარზე მიწოდებას არ შეზღუდავს, თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, აღნიშნული მეტალების ღია მარაგი მხოლოდ რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი.
აშშ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა. ის ახალი ტექნოლოგიების სფეროს ლიდერი და ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ამ ტიტულისა და პოზიციების შესანარჩუნებლად გრენლანდია აშშ-ს ძალიან გამოადგება.
რაში სჭირდება კუნძული ტრამპს?
კუნძულ გრენლანდიას არქტიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. გრენლანდიაზე გადის ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მისასვლელი უმოკლესი გზა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გრენლანდია, გეოგრაფიულად, ჩრდილოეთ ამერიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დანიასთან, რომლის ავტონომიურ ტერიტორიასაც წარმოადგენს.
„ცივის ომის“ დროიდან მოყოლებული, აშშ-ს გრენლანდიაში თავისი სამხედრო ბაზა აქვს გახსნილი. პენტაგონი სულაც არაა წინააღმდეგი არქტიკაში წარმომადგენლობა გააფართოოს, რათა სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს – ჩინეთსა და რუსეთს.
ანალოგიური მიზნები ჰქონდა 1946 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს, რომელმაც გრენლანდიის სანაცვლოდ 100 მილიონი დოლარი შესთავაზა დანიას. ტრუმენს არ სურდა, გრენლანდია მტრის ხელში ჩავარდნილიყო.
ჩინეთს დიდი ხანია, აქვს არქტიკაში სავაჭრო გზის გაყვანის იდეა. 2018 წელს პეკინმა გრენლანდიაზე ორი აეროპორტის მშენებლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა დანიის სამეფომ დაარწმუნა ავტონომიის ხელისუფლება და ორივე კონტრაქტი დანიელებს დარჩათ.
რუსეთი, თავის მხრივ, არქტიკაში თავის სამხედრო წარმომადგენლობას აფართოებს. მოსკოვმა უკვე გაადიდა თავისი სამხედრო ბაზა, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში, ფრანც-იოსეფის მიწაზე მდებარეობს. იქ მდებარე აეროდრომი „ნაგურსკი“ უკვე მზადაა დიდი ზომის „ილ-78“-ების მისაღებად. ეს თვითმფრინავები გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების საწვავით შევსებას ჰაერში უზრუნველყოფენ.
რა მიზანი ამოძრავებს ტრამპს?
ტრამპი შთამომავლობით მშენებელია. ის მუდმივად ყიდულობდა მიწას, აშენებდა სახლებს და ყიდდა ბინებს, მაგრამ, ახლა ის პრეზიდენტია და პირობა დადო, რომ გრენლანდიას თავისი საყვარელი მანჰეტენის კუნძულის მსგავასად არასდროს მოექცევა.
ამაზე მეტყველებს მისი „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ გრენლანდიაზე „ტრამპ თაუერის“ აშენებას არ გეგმავს.
თუმცა ტრამპის პირადი ინტერესები მხოლოდ ფულით არ შემოიფარგლება. გრენლანდიის ყიდვის შემთხვევაში, ის ისტორიის სახელმძღვანელოებში მოხვდება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონთან და თომას ჯეფერსონთან ერთად, რომლებმაც ალიასკა და ლუიზიანა შეიძინეს.
რა ღირს გრენლანდია?
მიწა და თან ისეთი, რომელზეც 60 000 ადამიანი ცხოვრობს, უკვე დიდი ხანია, არ გაყიდულა, ამიტომ გრენლანდიის საბაზრო ღირებულების დადგენა რთულია.
ჯეფერსონმა ლუიზიანა საფრანგეთისგან XIX საუკუნეში 15 მილიონ დოლარად იყიდა, 50 წლის შემდეგ ჯონსონმა რუსებისგან ორჯერ უფრო იაფად შეიძინა ალიასკა. აშშ-ის პრეზიდენტი ტრუმენი გრენლანდიის დათმობის სანაცვლოდ დანიას 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა.
ინფლაციის გაუთვალისწინებლადაც კი, დღეს 100 მილიონ დოლარად მანჰეტენზე ერთ სახლსაც კი ვერ იყიდი. თუ აშშ-ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ღირებულებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ გრენლანდიის ღირებულება 1 ტრილიონი დოლარი მაინც უნდა იყოს.
ეკონომიკური და სტრატეგიული პოტენციალის გათვალისწინებით კი, გრენლანდიის ფასი გაცილებით დიდია.
აქვს თუ არა აშშ-ს ფული, რომ გრენლანდია იყიდოს?
დანიისგან განსხვავებით, აშშ-ის ვალი მთლიან შიდა პროდუქტს აჭარბებს. ეს ვალი დღეს 22 ტრილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა აშშ-ს აღნიშნული ვალის განუსაზღვრელ რაოდენობამდე გაზრდის შესაძლებლობა აქვს, რადგან შემოსავლიანი და სანდო აქტივები მსოფლიოში თითქმის აღარ დარჩა. შესაბამისად, დოლარის ფასიან ქაღალდებზე დიდი მოთხოვნაა.
კომენტარები