დანიური ბანკი იპოთეკურ სესხს უარყოფითი საპროცენტო განაკვეთით გასცემს.
ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლიენტი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა. როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა დანიაში სიდიდით მესამე „იუსკე ბანკს“ ეკუთვნის.
ამიერიდან აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის კლიენტებს 10-წლიანი იპოთეკური სესხის მიღება მინუს 0,5 პროცენტში შეეძლებათ. ასევე დანიურმა ბანკმა „ნორდეამ“ უფრო ადრე 20-წლიანი იპოთეკური სესხების ნულ პროცენტში გაცემა დაიწყო.
ზოგადად, დანიისთვის სტანდარტული პირობებია 1,5% ყოველწლიურად 30-წლიანი ხანგრძლივობით.
როგორც „იუსკე“ ბანკში განმარტავენ, ახალი პირობების მიხედვით, კლიენტები მაინც გადაიხდიან ყოველთვიურ შენატანს, თუმცა მათი სესხის ძირითადი თანხა უფრო სწრაფად დაიფარება.
შვეიცარიულ ბანკ „იუბიესში“ კი განაცხადეს, რომ მდიდარ კლიენტებს, რომლებსაც მათ ბანკში 500 000 ევროზე მეტი ანაბარი აქვთ, მოუწევთ ყოველწლიურად ამ თანხის 0,6 პროცენტის გადახდა ბანკისთვის. მსხვილი მეანაბრეებისთვის უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ დანიაშიც.
კომენტარები