იტალიის 27 უდიდესი ქალაქიდან 11-ში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

აპენინის ნახევარკუნძულზე ანომალიური სიცხის მორიგი, ზაფხულის განმავლობაში უკვე მეოთხე ტალღა დაფიქსირდა. სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 12 აგვისტოს ქვეყნის 27 უდიდესი ქალაქიდან 11-ში მეტეოროლოგიური საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა.

საუბარია რომზე, ფლორენციაზე, ბოლონიაზე, ტრიესტზე, პერუჯაზე, ბოლცანოზე, ანკონაზე, ლატინაზე, რიეტიზე, კამპობასოსა და ფროზინონეზე, სადაც გასული კვირის ბოლოს ტემპერატურა 40-გრადუსიან ნიშნულს მიუახლოვდა.

ძლიერმა სიცხემ, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ფიქსირდებოდა, 13 აგვისტოდან იტალიის სამხრეთსაც მიაღწია.

საფრთხის წითელი დონის გამოცხადება ნიშნავს საგანგებო სიტუაციას, როდესაც საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს, არამედ სრულიად ჯანმრთელებსაც. ასეთ სიტუაციებში ექიმები მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას ურჩევენ.

კომენტარები