იტალიური „მილანი“ თბილისში საფეხბურთო აკადემიას გახსნის
„საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, „მილანის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება“ – ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოში „მილანის“ წარმომადგენელმა, ანა წერეთელმა მიაწოდა.
ანა წერეთელი თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ზურაბ წერეთლის შვილია. ის წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.
„იტალიური კლუბის აკადემიის გახსნა წელსაც გვსურდა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოგვარებას დრო სჭირდება და ამიტომ 2020 წლის შემოდგომისკენ ვგეგმავთ. მანამდე კი ბათუმში „მილანის“ ერთკვირიანი კემპი მოვაწყვეთ, რაშიც აჭარის მთავრობამ და ბათუმის „დინამოს“ სპონოსორის, „ეიჩ გრუპის“ (H Group) დამფუძნებელმა, არჩილ ბერიძემ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს“, – ამბობს ანა წერეთელი.
მოლაპარაკების პროცესში იტალიური გრანდის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ: „ხელშეკრულება გამზადებულია. „მილანის“ აკადემია კი საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკის“ ბაზაზე „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტის რექტორის, დავით კერესელიძის დახმარებით აშენდება და საქართველოში გამორჩეული ინფრასტრუქტურა ექნება. ძალიან მიხარია, იტალიური ბრენდი საქართველოში რომ შემოვიყვანე“.
„მილანის“ კემპი ბათუმის „დინამოს” ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ️10-15 სექტემბერს გაიმართება, 6 დღე გაგრძელდება და მას „მილანის“ ასაკობრივი მწვრთნელები გაუძღვებიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა.
1tv.ge
კომენტარები