ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონმა ფრისტაილში, ბელარუსმა ალექსეი გრიშინმა თავისი ოქროს მედალი აუქციონზე გაიტანა. ოლიმპიური ჯილდო 61.6 ათას ევროდ გაიყიდა.
აუქციონი ბოსტონში გაიმართა. Inside The Games-ის ინფორმაციით, მედალი კოლექციონერმა შეიძინა ბელარუსიდან. გრიშინმა 25.4 ათასი ევროდ გაყიდა 2002 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. მიღებული თანხით ყოფილმა სპორტსმენმა თავისი მეგობრის ოპერაცია დააფინანსა. ამის შესახებ აუქციონის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბობი ლივინგსტონმა ისაუბრა.
„ბედნიერები ვართ, რომ მედალი ბელარუსში დაბრუნდება. გრიშინი აპირებს მიღებული თანხით დაფაროს ოპერაციის და სხვა სამედიცინო ხარჯები თავისი უახლოესი მეგობრისთვის. ყველა მხარე გამარჯვებული გამოვიდა ამ გარიგებიდან“, – განაცხადა მან.
გრიშინი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ბელარუსიდან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. მან კარიერა 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა.
1tv.ge
კომენტარები