„ქართული კინოს ბაჯაღლო ოქრო“ – ლეილა აბაშიძე

ფოტო: global look press
„ევროპის კინოს იმედი“, „შავთვალა ბრილიანტი“, „დიდი ვარსკვლავი“… კინოფილმ „ჭრიჭინას“ ეკრანზე გასვლის შემდეგ ამერიკელები წერდნენ, რომ ის იყო „საბჭოთა მერი პიკფორდი“, „ეკრანის დედოფალი“… რომ „ქართველი ვარსკვლავი ოდრი ჰეპბერნსა და ჯინა ლოლობრიჯიდას სილამაზეში ტოლს არ უდებს“ და ასე შემდეგ… რა ეპითეტებით არ ამკობდნენ ყველასათვის საყვარელ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს, რომელიც წელს, პირველ აგვისტოს 90 წლის გახდებოდა. თუმცა თავად ქალბატონი ლეილა ამბობდა, რომ „პოპულარობა ტრაგედიადაც კი ექცა“.

ყველაფერი იყო მის ცხოვრებაში: დიდი აღიარება, საოცარი წარმატებები, უსაზღვრო სიყვარული, ტრაგედიები, ტყუილ-მართალი მის შესახებ. მეტიც, საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ ზურგის შექცევაც, მერე ყველაფრის ხელახლა დაწყება და ისევ მივიწყება, მაგრამ ამ საოცარი ქალბატონის სული ვერაფერმა გატეხა – მუდამ ოპტიმიზმით ელოდებოდა, როდის დაურეკავდნენ და კინოში მუშაობას შესთავაზებდნენ; თავის განუმეორებელ ღიმილს კი უშურველად უნაწილებდა ირგვლივ მყოფებს და მაყურებელს, რომელმაც იგი პირველი როლიდანვე (კატო კინოფილმიდან „ქაჯანა“) შეიყვარა.

***

ლეილა აბაშიძე მაყურებელს რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა გააცნო. მომავალი ვარსკვლავი მაშინ რვა წლის იყო. ქართულიც კი არ იცოდა კარგად, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული იყო ციმბირიდან. მამა – მიხეილ აბაშიძე ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ციმბირში გადასახლებულს, მეუღლეც თან წაჰყვა და იქ მედმუშაკად დაიწყო მუშაობა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო. პატარა ლეილა მამას ეკლიანი მავთულხლართების მიღმა ხედავდა. ამ მავთულხლართებში 220 ვოლტი დენი გადიოდა – ახლოს ვერ მიეკარებოდი, მაგრამ მოუსვენარი გოგონა მაინც ახერხებდა სადღაც გაძრომ-გამოძრომას, მამასთან ცოტათი მიახლოებას და მისთვის სიგარეტის გადაგდებას. „მახსოვს, მამა მადლიერი თვალებით გადმომხედავდა ხოლმე. ეს იყო ჩვენი შეხვედრები“, – ქალბატონი ლეილა ყოველთვის თვალცრემლიანი იხსენებდა ამ ფაქტს.

ციხეში პატიმრებისთვის გამართულ კონცერტზე პატარა ლეილაც გამოდიოდა და დიდი შთაგონებით კითხულობდა მათ წინაშე ლექსებს. გადასახლებაში მყოფი ქართველები პატარა გოგონას ყოველ გამოჩენას მქუხარე ტაშით ხვდებოდნენ. სხვათა შორის, პირველი გამოსვლის შემდეგ გაზეთი „სიბირსკაია პრავდა“ წერდა: „გუშინ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა. ეს გოგონა მსახიობი იქნება“. წერილს თან ერთვის პატარა ლეილას მამასთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით „ატეც ი დოჩ“. ეს იყო მამასთან ერთად გადაღებული ბოლო სურათი, წერილი კი – პირველი, რომელიც ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა და მალევე ახდა.

პატარა ლეილა მამასთან ერთად

ერთ დღეს მომავალი მსახიობის დედას შეატყობინეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. ციმბირში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. საქართველოში დაბრუნებული პატარა ლეილა კი მალე „ქაჯანაში“ გადაიღეს, სადაც პარტნიორობას უმშვენიერეს ნატო ვაჩნაძეს უწევდა. დღეს უკვე მათი ვარსკვლავები უმშვენებენ ერთმანეთს გვერდს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ. ქართველმა ხალხმა საყვარელ მსახიობს მისი სახელობის ვარსკვლავი 2009 წელს 80 წლის იუბილეზე გაუხსნა.

გაუმხელელი ოცნებები

„ქაჯანას“  მოჰყვა დაუვიწყარი ფილმები: „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „აკაკის აკვანი“, „ჩვენი ეზო“, „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, „შეხვედრა მთაში“, „ორომტრიალი“, „მაია წყნეთელი“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“,  „ხევისბერი გოჩა“ … რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?! თავად ქალბატონი ლეილას საყვარელი როლი კი მაია წყნეთელი იყო. „მაია წყნეთელი ჩემი უსაყვარლესი როლია. სიმართლე გითხრათ, დღემდე თვითონაც მიკვირს, როგორ შევძელი ასეთი გარდასახვა. როდესაც ბატონმა რეზო ჩხეიძემ ეს როლი შემომთავაზა, გაოგნებულმა ვკითხე: „მე და მაია წყნეთელი?! ეს როგორ?!“

კადრი ფილმიდან „მაია წყნეთელი“

თავიდან თითქოს ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ საბოლოოდ, დიდი სურვილისა და მონდომების შედეგად, მაია წყნეთელის მართლაც განუმეორებელი სახე შეიქმნა. „ჩემში დროებით ბიჭური თვისებები და ჩვევები შევისახლე, გადაღების პირველ დღეს შინ მისულმაც არ მივატოვე ჩემი ახალი ამპლუა, თმაშეჭრილმა, შარვალსა და ჩოხაში გამოწყობილმა, საღამოს ვახშამიც კი მოვითხოვე. ეს როლი ჩემთვის ღვთის საჩუქარია, რადგან წილად მხვდა პატივი ქართველი ქალის ეროვნული სახის განსახიერებისა“, – ამბობდა ქალბატონი ლეილა.

ბატონი რეზო კი მას დიდ მსახიობს უწოდებდა: „ლეილა კარგი მსახიობი კი არა, დიდი მსახიობია… ქართული კინოს ბაჯაღლო ოქრო. ვარსკვლავი რომ გაუხსნეს, ის ვარსკვლავიც კი ფერმკრთალია იმასათან, რაც მას ეკუთვნის“.

სხვათა შორის, ქალბატონი ლეილა ძალიან წუხდა, რომ მის ფილმებს შორის იშვიათად თუ ახსენებენ კინოსურათს „სად არის შენი ბედნიერება მზია?“, რომელიც გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობის („სიყვარული“) მიხედვით გადაიღო რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა. ფილმის ჩვენება ეკრანზე 1961 წელს შედგა. ქალბატონი ლეილა ფილმში მზიას როლს ასრულებს. ეს როლიც ძალიან უყვარდა და გული სწყდებოდა, რომ არცერთ ტელეარხზე ამ ფილმს აღარ უჩვენებენ. „მე მაქვს სახლში, დამირეკონ და ვისაც აინტერესებს, შევთავაზებო“, – ამბობდა.

ლიას როლში, „აბეზარა“, 1956 წ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მსახიობის ოცნების როლად ფუფალა დარჩა „ნატვრის ხეში“: „სოფიკომ შესანიშნავად შეასრულა ეს როლი, მაგრამ მე უფრო სხვანაირად ვხედავ ფუფალას… მე სულ სხვანაირი ფუფალა ვიქნებოდი. იცით, როგორი წარმომედგინა ჩემი ფუფალა? გამხდარი, კაფანდარა, დიდი, სევდიანი თვალებით, „გიჟის“ თვალებით… რომლითაც უყურებდა სამყაროს, თითქოს უხილავს, გამჭვირვალეს… ჩემი ოცნება იყო, აგრეთვე, მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“, ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“; სიამოვნებით ვითამაშებდი ეკატერინე ჭავჭავაძის როლსაც, მაგრამ მე ვერასოდეს გავბედე ვინმესთვის გამენდო ეს ოცნებები“.

ქალბატონ ლეილას თავადაც არაერთხელ უთქვამს უარი როლებზე. მათ შორის იყო ანა კარენინას როლი, რომელზეც „მოსფილმმა“ მიიწვია. დედა ჰყავდა იმ პერიოდში ავად და… ეს როლი შემდგომში ტატიანა სამოილოვამ ითამაშა…

მოსკოვის გარდა, ქალბატონი ლეილა მიწვეული იყო შუა აზიაში, ასევე ინდოეთში, სადაც, რაჯ კაპური ეპატიჟებოდა გადაღებებზე, მაგრამ არც იქ წასულა, რადგან იმ დროს შემოქმედებითად დატვირთული იყო საქართველოში, თანაც აკეთებდა იმას, რაც მოსწონდა და მის სულს ავსებდა.

მარინე ფერაძის როლში, „ჭრიჭინა“, 1954
ნინოს როლში, „შეხვედრა წარსულთან“, 1966 წ.
ჭორ-მართალი

სამწუხაროდ, ასეთი დატვირთული გრაფიკი დიდხანს არ გაგრძელებულა – ლეილა აბაშიძე ორმოცი წლის ასაკში ჩამოშორდა კინოს… ცხადია, არა საკუთარი ნებით. ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა კი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალმა“ დაარღვია. ფილმმა წარმატება მოუტანა მივიწყებულ მსახიობს – მეორე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი ტოკიოში. ჟიურის თავმჯდომარე გრეგორი პეკი თურმე აღფრთოვანებას ვერ მალავდა… აღფრთოვანება არ დაუმალავთ 1975 წელს მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე მამაკაცებსაც: რიჩარდ ბარტონს, მარჩელო მასტროიანის, დინ რიდს, რაჯ კაპურს, დანიელ ოლბრიხსკს… როგორც ქალბატონი ლეილას თანაკურსელი დიანა კესნერი რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში იხსენებს, ჩალმამოხვეული ლეილა აბაშიძე „ათას ერთი ღამის პრინცესას“ ჰგავდა და თავისი ეგზოტიკური სილამაზით მამაკაცების ყურადღების ცენტრში იყო, მაშინ როდესაც კინოფესტივალს სტუმრობდნენ სოფი ლორენი, ელიზაბეთ ტეილორი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარინა ვლადი, იაპონელი კინოვარსკვლავი კომაკი კურიხარა…

სხვათა შორის, ეს ფესტივალი ლეილა აბაშიძისთვის სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, სასიამოვნო, მაგრამ უხერხული სიურპრიზებით… როგორც დიანა კესნერი წერს, მსახიობს ხელი და გული ორმა მულტიმილიონერმა შესთავაზა _ ეგვიპტელმა და მექსიკელმა. ეგვიპტელი საკუთარი კინოსტუდიის გახსნასაც კი ჰპირდებოდა, თუმცა სანაცვლოდ მისი სარეცელი ორ ცოლთან ერთად უნდა გაეზიარებინა (?!)… მექსიკელი მსახიობი და რეჟისორი, საუკეთესო გარეგნობის, საოცრად სიმპათიური ემილიო ფერნანდესი კი მას საკუთარ თავსა და მილიონებს სთავაზობდა… ორივემ უარი მიიღო.

არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ, რომ ერთ დროს უზომოდ პოპულარულ მსახიობს თაყვანისმცემელი მამაკაცები არც თბილისში აკლდა. ცოლობა სთხოვა რეჟისორმა რეზო ჩხეიძემაც, მაგრამ რატომღაც უარი მიიღო. დედაქალაქში დღემდე ახსოვთ მისი რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან, რომლის თვითმკვლელობაშიც ერთი პერიოდი ლეილას ადანაშაულებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ბურუსით მოცულ ისტორიას გოჩა აბაშიძის მეუღლემ, კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ ახადა ფარდა: „გოჩა ხელებში ჩააკვდა ლეილას და ეს რომ დაინახეს, ყველაფერი მას დააბრალეს. ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…“ – ამბობს ქალბატონი ნუნუ.

ლეილა აბაშიძეზე სხვაც არაერთი ჭორი დადიოდა: „ჩემზე რომ ჭორაობდნენ, იმდენი ალბათ სხვაზე არავიზე უჭორავიათ. ერთი პერიოდი მთელი თბილისი ჭორაობდა, რომ მე უცხოეთიდან ჩამოვიტანე საშინელი დაავადება – კეთრი. აბსურდი იყო, მაგრამ შემძრა ამ ამბავმა, ლამის მდგომარეობიდან გამომიყვანა… ახლა კი მეცინება, მაგრამ იმ დროისთვის ძალიან მეწყინა. დღემდე არ მესმის, რატომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურვილი უჩნდებათ, რომ მეორე ადამიანს აწყენინონ?“ – ამბობდა ქალბატონი ლეილა და არ მალავდა, რომ პოპულარობა ხელს ბევრ რამეში უშლიდა, იმდენად, რომ „ტრაგედიადაც კი ექცა“.

ფოტო: kino-teatr.ru
ჩემი ჟურნალისტური არქივიდან

ცხოვრებაში რაიმეს ნანობთ, ქალბატონო ლეილა?

კი, რუსთაველის თეატრიდან წამოსვლას ვნანობ… კარგი დრო იყო. რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე ჩემი ჯგუფელები იყვნენ. მე „გრანდ დამების“ როლებისთვის მამზადებდა მიშა თუმანიშვილი…

თქვენი თეატრალური როლები ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ფილმებში სულ შეყვარებული ქალის როლებს თამაშობთ – ეს სიყვარული რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ მოგყვებოდათ?

გადაღების დროს თითქმის ყოველთვის შეყვარებული ვიყავი, მთავრდებოდა გადაღება და მეც ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი…

რამდენჯერ ყოფილხართ შეყვარებული?

ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის…

და როდის მოვიდა?

მაშინ ოცდაერთი წლის ვიყავი, სულ რაღაც სამი როლი მქონდა ნათამაშევი, როცა გავთხოვდი…

თაყვანისმცემლები ალბათ თქვენს სახლშიც ბედავდნენ დარეკვას – მეუღლე არ ეჭვიანობდა?

ჩემი ქმარი საოცრად ინტელიგენტი იყო, ღირსეული პიროვნება, უდიდესი მეცნიერი. საეჭვიანო მე უფრო ხშირად მქონდა, ვიდრე მას… ის ძალიან სიმპათიური პიროვნება და კარგი ოჯახისშვილი იყო… სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება ერთად ვერ გავატარეთ. რამაზის უმაღლესში მოხვედრის წინ გავშორდით ერთმანეთს. მას უნდოდა, ჩვენი შვილი ექიმი გამოსულიყო, მაგრამ საბუთები უცხო ენათა ინსტიტუტში შევიტანეთ. ამ ნიადაგზე მოგვივიდა უსიამოვნება და ჩვენი ოჯახი დაინგრა. მერე ამას ორივე ვნანობდით.

ერთ შვილზე რატომ შეჩერდით, ქალბატონო ლეილა?

მსახიობობა რთული პროფესიაა, ოჯახისა და საქმის შეთავსება ძნელი იყო. ბევრი შვილი ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ღმერთმა ასე ინება, _ ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟი მყავს.

საინტერესოა, თქვენმა პოპულარობამ, როგორც თავად ამბობთ, ეს ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟიც ხომ არ დაჩრდილა?

შეიძლება…  მაგრამ მე ვინ დამჩრდილა? – დაე, ეს კინომცოდნეებისთვის დარჩეს გამოცანად… ერთი ბედი გვაქვს მე და ჩემს შვილს – ორივეს რაღაცამ შეგვიშალა ხელი… რამაზი მხოლოდ ჩემი შვილი არ არის, ის ჩემი დიდი მეგობარია, ჩემი შვილიშვილი კი – ღვთის ნაბოძები საჩუქარი…

***

სხვათა შორის, ქალბატონ ლეილას რამდენიმე სცენარი აქვს დაწერილი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ შვილიშვილს (გიორგის) მიუძღვნა. მასში ბებია-შვილიშვილის ურთიერთობაა აღწერილი. გარდა ამისა, ლეილა აბაშიძემ რეჟისურაშიც სცადა ბედი და მაყურებელმა იხილა მისი ფილმი „თბილისი-პარიზი-თბილისი“ (1981 წ.), რომლის სცენარის ავტორიც თავად იყო. მისი სცენარითაა გადაღებული ფილმები: „მოლოდინი“ და და „კოშკები სდუმან“.  2009 წლის რვა მარტს, მისი სახელობის  ვარსკვლავის გახსნის დღეს, მსახიობმა განაცხადა, რომ მეორედ დაიბადა: „ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამქვეყნად, ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პატივია ეს ჩემთვის… “

თენგიზ არჩვაძესთან ერთად

აღსანიშნავია, რომ ლეილა აბაშიძე მაყურებელმა „იქს ფაქტორის“ სცენაზეც იხილა. რამდენიმე წლის წინათ თავისი ვაჟის, რამაზ დანელიას საგულშემატკივროდ მისული, პროექტის წამყვანებმა სცენაზე გამოიყვანეს და მაყურებელი ლამის აატირეს. „როცა სცენაზე გავედი და სიტყვა ვთქვი, მაყურებელს გული აუჩუყდა, ცრემლები წამოუვიდათ. ალბათ შევეცოდე _ ასაკში შესული მნახეს. მათ ეგონათ, რომ ისევ ჭრიჭინა გავიდოდა სცენაზე, მაგრამ ათეულობით წლები გავიდა… ისე, ის აპლოდისმენტები, სიყვარული ძალიან მაკლდა. „პროჟექტორები“ რომ მანათებდა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო… “ – განაცხადა მაშინ ქალბატონმა ლეილამ და ხალხს მადლობა გადაუხადა დიდი სიყვარულისთვის.

დამსახურებული დიდი სიყვარულისთვის!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები