ციმბირში გავრცელებული ტყის მასშტაბური ხანძრის კვამლმა მონღოლეთის დედაქალაქამდე მიაღწია

ციმბირში გავრცელებული ტყის მასშტაბური ხანძრის კვამლმა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორამდე მიაღწია. ანტიციკლონის წარმოქმნის შემთხვევაში კვამლი მოსკოვსაც დაფარავს.

მონღოლეთის ხანძრებთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვამლმა დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დაფარა, თუმცა, მათივე თქმით, მონღოლეთის ტერიტორიაზე ხანძრები ჯერჯერობით არ არის.

ულან-ბატორში 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ ცეცხლი კემეროვოს, ტომსკის, ნოვოსიბირსკის ოლქებში და ალტაის მხარეშია გავრცელებული.

სტიქიასთან დაკავშირები საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მონღოლეთის მოსაზღვრე ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარეში, ბურიატიის ორ რაიონში და იაკუტიის ერთ-ერთ რაიონში.

ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ტაიგა 3 მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზე იწვის, ხანძრის გავრცელების ზონები კი ისევ იზრდება. ციმბირის ყველა დიდი ქალაქი კვამლითაა დაფარული. ქალაქ ულან-უდეს მოსახლეობა აცხადებს, რომ მზის დანახვა უკვე სამი დღეა შეუძლებელია. რუსული მედია წერს, რომ ციმბირში ანტიციკლონის წარმოქმნის შემთხვევაში ტყის ხანძრების კვამლმა შესაძლოა მოსკოვამდე მიაღწიოს.

1tv.ge

კომენტარები