მაიკლ ჯექსონის გარშემო კვლავ სკანდალი აგორდა

მსოფლიო პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ფანებმა სკანდალური ფილმის – LEAVING NEVERLAND-ის გმირებს, უეიდ რობსონს და ჯეიმს სეიფჩაკს ცილისწამებისთვის უჩივლეს. ამის თაობაზე CNN წერს. 

მაიკლ ჯექსონის ფანი საფრანგეთიდან, 62 წლის მირიამ უოლტერი აცხადებს, რომ როდესაც ფილმი ნახა, მაშინვე მიხვდა, რომ ფილმი ფულის საშოვნელად გადაიღეს.

მირიამ უოლტერმა სარჩელი საფრანგეთის სასამართლოში შეიტანა. მის გარდა მაიკლ ჯექსონის რეპუტაციის დასაცავად უეიდ რობსონის და ჯეიმს სეიფჩაკის წინააღმდეგ სასამართლოს ლეგენდარული მომღერლის ფანების სამმა ჯგუფმა მიმართა.

ოთხსაათიანი ფილმის პრემიერა კინოფესტივალ „სანდენსზე“ იანვარში გაიმართა. ფილმი, სახელწოდებით Leaving Neverland, უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ჩვენებებზეა დაფუძნებული, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვობაში მაიკლ ჯეკსონი მათ სექსუალურად ავიწროებდა.

HBO-ს ახალი ფილმის გმირები – უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი მეორე სასამართლო მოსმენის დროს მოწმეები იყვნენ. მაშინ ისინი უარყოფდნენ ჯექსონის მხრიდან მათ მიმართ ძალადობას. რობსონის თქმით, წლების გასვლის შემდეგაც არ აღუქვამს ჯექსონის ქცევა ძალადობად და ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, რაც მამა გახდა.

მაიკლ ჯექსონს არაერთხელ დასდეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში არასრულწლოვანების მიმართ, თუმცა დამნაშავედ არასოდეს უღიარებიათ. 1993 წელს მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 13 წლის ჯორდან ჩენდლერზე (Jordan Chandler) განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დევიდ შვარცმა, ჯორდანის მამინაცვალმა, რომელსაც ავტოგაქირავების მაღაზია ჰქონდა ლოს-ანჯელესში, შემთხვევით გაიცნო მაიკლ ჯექსონი. მას გზაზე ავტომობილი გაუფუჭდა და დევიდის მაღაზიას მიმართა დახმარებისთვის. დევიდმა მაიკლს უთხრა, რომ დახმარებას იმ შემთხვევაში აღმოუჩენდა, თუ იგი მის გერს, ჯორდანს დაურეკავდა, რომელიც მომღერლის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მოგვიანებით მაიკლმა ჯორდანიც გაიცნო და მისი ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებიც მის რანჩოს ხშირად სტუმრობდნენ.

ჯორდანის მამა ევან ჩენდლერი იმ დროს პროდიუსერი და სცენარისტი იყო. სწორედ მან შეიტანა სარჩელი  ჯექსონის წინააღმდეგ სასამართლოში. ძიება დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა. ვერც პოლიციამ და ვერც ფედერალურმა ბიურომ მომღერლის წინააღმდეგ ვერანაირი სამხილი ვერ იპოვა. 2005 წელს ჯექსონის სადაზღვევო კომპანიამ ევან ჩენდლერს 15 მილიონი დოლარი გადაუხადა მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი დაესრულებინათ. ჯექსონი ამის წინააღმდეგი იყო და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ გარიგება მის ადვოკატსა და ჩენდლერს შორის მაინც შედგა.

როგორც ამბობენ, ჯორდანის მამამ ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჯექსონმა მისი პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, ვიდრე ჩენდლერი ჯექსონის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა, იგი მომღერალს აშანტაჟებდა და სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, ამის შემდეგ უჩივლა. ჯექსონი დამნაშავე რომ ყოფილიყო, ფულს მაშინვე გადაუხდიდა და საქმეს სასამართლომდე არ მიიყვანდა.

ამ გახმაურებული საქმის მსვლელობის პარალელურად მაიკლ ჯექსონს სხვებმაც წაუყენეს ანალოგიური ბრალდებები, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომღერლის ბრალეულობა არცერთ შემთხვევაში არ დამტკიცებულა.

რაც შეეხება ჯორდან ჩენდლერს, მან მოწმეთა დაცვის პროგრამით ისარგებლა და დღემდე შეცვლილი სახელით აგრძელებს ცხოვრებას. 16 წელი რომ შეუსრულდა, ბიჭმა, სასამართლოს წესით, უარი თქვა მშობლების მეურვეობაზე და მათთან ურთიერთობა გაწყვიტა. მან ასევე უარი თქვა 2005 წელს სასამართლოზე გამოსვლაზე და ჯექსონის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ჯორდანის მამამ, ევან ჩენდლერმა კი მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები