აშშ მოქალაქეობის მისაღები ტესტის ჩასწორებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური მოქალაქეობის მიღების ტესტს ჩაასწორებს. ამის შესახებ განცხადება იმიგრაციის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ცვლილებები აშშ-ის ხელისუფლებას მოქალაქეობის მსურველის ცოდნის უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს.

იმიგრაციის შესახებ კანონის 312-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობის მაძიებლებს ევალებათ „ინგლისურად წერა-კითხვის ცოდნა“, „აშშ-ის ისტორიის, პრინციპებისა და სახელმწიფო წყობის საფუძვლების ცოდნა“. ცვლილებები, ძირითადად, ტესტის სალაპარაკო ნაწილს შეეხება და შედეგად მოქალაქეობის მაძიებლის მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნას აშშ-ს შესაბამისი სამსახურები უკეთ შეაფასებენ.

ამ ტესტის საპილოტე ვერსიას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოცდიან, 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში კი ოფიციალურად დაამკვიდრებენ პრაქტიკაში.

2018 წლის განმავლობაში აშშ-მა დაახლოებით 757 000 ადამიანს მიანიჭა მოქალაქეობა. მოქალაქეობის მიღების ტესტის გადახედვა კი მნიშვნელოვანი ნაწილია ლეგალური იმიგრანტების მოსამზადებლად, რათა მათ კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობები აშშ-ში.

ipn.ge

კომენტარები