fbpx
კინო/ფილმებიკულტურასაქართველო

„ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი ემიგრანტი ქართველი მსახიობი და რეჟისორი ნინო კირთაძე იქნება

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, დღეიდან ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი იქნება.

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. კინოცენტრში აცხადებენ, რომ ამ წლების განმავლობაში დაფინანსდა 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია. ფონდის მიერ ქართული პროექტების დასაფინანსებლად 3 092 322 ევრო გაიცა.

ნინო კირთაძე 1997 წლიდან პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. რეჟისორობამდე აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში, მუშაობდა კონფლიქტის ზონებში და აშუქებდა ჩეჩნეთის, ყარაბაღისა და აფხაზეთის ომების მიმდინარეობას. მისი სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა. დღეს იგი ევროპაში აღიარებული რეჟისორია – ხუთჯერ არის დაჯილდოებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს“ მფლობელი. ნინო კირთაძეს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის „ოსკარი“.

ნინო კირთაძე და პიერ რიშარი

აღსანიშნავია, რომ როგორც მსახიობი, ნინო კირთაძე პირველად გამოჩნდა ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი“, სადაც იგი პიერ რიშარს უწევდა პარტნიორობას. ნინო მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან: ვიტორიო გასმანი, ბენ კასარა, ჟაკ დიუტრონი და შარლოტ რემპლინგი. ამჟამად იგი თავისი ახალი ფილმის წარმოებას ასრულებს, მუშაობს ორი მხატვრული ფილმის სცენარზე და აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან, როგორც პროფესორი. ნინო კირთაძის ხელმძღვანელობით 40-მდე ფილმია შექმნილი, რომელთაც საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად.

„ევრიმაჟი“ (Eurimages) კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების ერთობლივი კინოწარმოებისა და გაქირავების მხარდაჭერის ევროპული ფონდია, რომელიც ევროპის საბჭოსთან 1988 წელს შეიქმნა. „ევრიმაჟი“ ახორციელებს მხარდაჭერას კოპროდუქციის შექმნაში, კონოთეატრალური ჩვენებების მოწყობაში, ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას და ფილმების დისტრიბუციას. დაარსების მომენტიდან ფონდმა 536 მილიონი ევროს ღირებულების ერთობლივი წარმოების 1797 პროექტს დაუჭირა მხარი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close