როგორ უნდა მოემზადოთ სამსახურის გასაუბრებისთვის
სამსახურის გასაუბრება საქმიანი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენაა, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოემზადებით ამ დღისთვის.
სტატიაში ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ, უფრო ორგანიზებულად და მშვიდად შეხვდეთ თქვენს მომავალ დამსაქმებელს და შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად იმსახურებთ ვაკანტურ თანამდებობას.
ყურადღებით გაეცანით სამუშაოს აღწერას
გასაუბრებაზე წასვლამდე აუცილებლად დეტალურად უნდა გაეცნოთ სამუშაოს აღწერას და თქვენი მთავარი გზამკვლევი სწორედ ეს უნდა გახდეს. ყურადღება მიაქციეთ, რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე სწორედ ის შეარჩიონ. თუ სამუშაოს აღწერას დაკვირვებით გაეცნობით, უკვე გეცოდინებათ სავარაუდო შეკითხვები, რომლებიც შესაძლოა დამსაქმებელმა ინტერვიუს დროს დაგისვათ.
ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გსურთ შესაბამის კომპანიაში დასაქმება
ინტერვიუზე წასვლამდე აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, რატომ გსურთ შერჩეული თანამდებობის დაკავება და რატომ შეესაბამება თქვენი კვალიფიკაცია დამსაქმებლის მოთხოვნებს. უნდა მოამზადოთ დამაჯერებელი არგუმენტები, რათა დაარწმუნოთ ინტერვიუერი, რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი ვაკანტური თანამდებობისთვის.
მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ
აუცილებელია, მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, სადაც გასაუბრებაზე დაგიბარეს. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ დაახლოებით მიხვდეთ, რა შინაარსის საუბარი წარიმართება თქვენსა და დამსაქმებელს შორის, არამედ ზუსტად იცოდეთ, რა უნდა იკითხოთ კომპანიის შესახებ ინტერვიუს დასასრულს. როგორც წესი, ნებისმიერი გასაუბრების შემდეგ კანდიდატს საშუალება ეძლევა, თავადაც დასვას შეკითხვები, ამიტომ არ უნდა მოგერიდოთ, დაზუსტებული ინფორმაცია მოითხოვოთ სამუშაო გარემოს, კულტურისა და ღირებულებების შესახებ.
მოამზადეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებზე
ბუნებრივია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ ყველა კითხვის შინაარსს, რაც შეიძლება დამსაქმებლისგან მოისმინოთ, თუმცა პასუხები აუცილებლად მოამზადეთ ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებზე. გარდა ამისა, მზად იყავით მოკლე მონოლოგისთვის, სადაც ასე ვთქვათ, „გაყიდით“ თქვენს თავს – ისაუბრებთ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ და რა გსურთ, რომ გააკეთოთ.
სამსახურის ინტერვიუს ყველაზე გავრცელებული კითხვები
რატომ გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?
რატომ იწვევს თქვენს დაინტერესებას ეს ვაკანსია?
რა არის თქვენი ძლიერი მხარე?
ივარჯიშეთ საუბრის მანერის დახვეწასა და სხეულის ენის გაუმჯობესებაში
მნიშვნელოვანია, რომ ინტერვიუზე პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოთ, ამისთვის საჭიროა, წინასწარ ივარჯიშოთ თავდაჯერებული საუბრის ტონის შერჩევასა და სხეულის ენაში. ამისთვის კარგი იქნება, ივარჯიშოთ სარკის წინ ან თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე.
მოამზადეთ შეკითხვები, რომლებსაც დამსაქმებელს ინტერვიუს დროს დაუსვამთ
გასაუბრების დროს დამსაქმებელი შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა, თუ კანდიდატი გონივრულ და საინტერესო კითხვას დასვამს კომპანიისა და ვაკანტური პოზიციის შესახებ. კითხვებში უნდა ჩანდეს, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მოიძიეთ.
სავარაუდო კითხვების ჩამონათვალი:
როგორია ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის ერთი სამუშაო დღე?
რა კვალიფიკაცია აქვს თქვენს კომპანიაში დასაქმებულ საუკეთესო თანამშრომელს?
თან იქონიეთ თქვენი რეზიუმეს ბეჭდური ვერსია
დამსაქმებლების უმრავლესობა თქვენი რეზიუმეს ციფრულ ვერსიას ითხოვს, თუმცა გასაუბრების დროს შესაძლოა თან არ ჰქონდეს თქვენი რეზიუმე. სწორედ ამიტომ თან თუ იქონიებთ ბეჭდურ ვერსიას, დამსაქმებელს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ კარგად ხართ მომზადებული. ყველაზე კარგ შემთხვევაში, უმჯობესია, თან გქონდეთ სამი ეგზემპლარი, ერთი თქვენთვის და ორი ინტერვიუერისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებას რამდენიმე ადამიანი ესწრება.
გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრებაზე შესაძლოა უხერხულ კითხვებზეც მოგიწიოთ პასუხის გაცემა, ამიტომ მზად იყავით, უპასუხოთ დიპლომატიურად და თავაზიანად. მაგალითად, წინა სამსახურის დატოვების მიზეზი შესაძლოა იყოს დამსაქმებელთან ან კომპანიის პოლიტიკასთან შეუთავსებლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოფილ დამსაქმებელზე აუგად არ უნდა ისაუბროთ. ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხებიც წინასწარ მოამზადეთ.
დაგეგმეთ გასაუბრებაზე წასვლის მარშრუტი
თუ ინტერვიუ სხვა ქალაქში ან ისეთ დასახლებულ პუნქტში გაქვთ დანიშნული, რომელიც თქვენი საცხოვრებლიდან შორს არის, მაშინ თუ მარშრუტს წინასწარ არ დაგეგმავთ, შესაძლოა, დროულად ვერ მიხვიდეთ და ამან დამატებით სტრესი და ღელვა გამოიწვიოს. მსგავსი სიტუაცია რომ თავიდან აირიდოთ, ამისთვის საჭიროა, მიჰყვეთ შემდეგ რჩევებს:
სახლიდან გამოდით ადრე.
შეინახეთ კომპანიის წარმომადგენლებთან საკონტაქტო ინფორმაცია, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს შეძლოთ დარეკვა და დროულად ინფორმირება.
წინასწარ დააზუსტეთ მისამართი, რათა ზუსტად იცოდეთ, სად მიდიხართ.
„გაყიდეთ“ საკუთარი თავი
გასაუბრებაზე თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის საკუთარი თავის „გაყიდვა“. ზოგიერთი ადამიანი ამ მიდგომას არაკომფორტულად მიიჩნევს, მაგრამ თუ საკუთარ თავს პოზიტიურად წარმოაჩენთ, მაშინ არ გექნებათ განცდა, რომ საკუთარ თავს ვინმეს „გასაყიდად“ სთავაზობთ. მთავარია, დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავში და იმაში, რომ სხვა აპლიკანტებისგან განსხვავდებით გამოცდილებითა და აკადემიური ცოდნით.
წინასწარ ჩამოწერეთ თქვენი გამოცდილება და ძლიერი მხარეები და იფიქრეთ, რამდენად პასუხობს კომპანიის მთავარ მიზნებს თქვენი უნარები და ცოდნა. ჯობს, მაქსიმალურად მოკლედ ისაუბროთ, ამიტომ ეცადეთ, შეარჩიოთ რელევანტური ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც ღირს.
ინტერვიუს შემდეგ დამსაქმებელს მადლობის მეილი გაუგზავნეთ
ინტერვიუს შემდეგ აუცილებლად მოამზადეთ მადლობის მეილი, რომელსაც დამსაქმებელს გაუგზავნით. ამ ფორმით დამსაქმებელს შეახსენებთ საკუთარ თავს, გამოხატავთ, რომ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ამ კანდიდატურით.
პირველ აბზაცში დაასახელეთ სამუშაოს კანდიდატურა და მადლობა გადაუხადეთ ინტერვიუსთვის.
მეორე აბზაცში დაასახელეთ კომპანიის სახელი და კომპანიის მიზანი, რისი მიღწევაც სურს ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის აყვანის შემდეგ და იქვე განმარტეთ, როგორ პასუხობს ვაკანსიის მოთხოვნებს თქვენი კვალიფიკაცია.
ბოლო აბზაცში შესთავაზეთ მათ, დაინტერესების შემთხვევაში, დაგისვან დამატებითი შეკითხვები და აღნიშნეთ, რომ მზად ხართ ამ კითხვებზე პასუხებისთვის.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ თუ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ ან მოუმზადებელი ხართ ამ კითხვაზე პასუხისთვის, მაშინ თავაზიანად ითხოვეთ რამდენიმე წუთი პასუხის მოსაფიქრებლად. დამსაქმებელი თქვენ მიმართ პატივისცემით განეწყობა, რომ კითხვაზე დაფიქრებული პასუხის გაცემა არჩიეთ.
ინტერვიუმდე თუ კარგად მოემზადებით, გასაუბრების დროს მშვიდად იქნებით და ნაკლებად იღელვებთ.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები