ქარიშხალი და ძლიერი სეტყვა ჩრდილოეთ იტალიაში, უამინდობა სამხრეთისკენ ინაცვლებს
იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ემილია-რომანიის რეგიონში ქარიშხალმა ხეები წააქცია და ათობით ავტომობილი დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ ავრცელებს.
ყველაზე მეტად დაზარალდა ადრიატიკის ზღვის სანაპირო, რავენის პროვინციის დასახლებები, სადაც ძლიერმა ქარმა ასობით ხე წააქცია და პლაჟზე მდებარე ნაგებობები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტიქიის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა, მათ შორის, პრობლემა შეექმნა სარკინიგზო ტრანსპორტსაც.
ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პესკარას (აბრუცოს რეგიონი) ძლიერი სეტყვა დაატყდა თავს, რომლის გამოც დაშავებული 18 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის, ერთი ფეხმძიმე ქალი, რომელსაც დაზიანებები აქვს თავის არეში და სახეზე: სხვა დაშავებულებსაც, ძირითადად, ჭრილობები თავის არეში აღენიშნებათ. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ქალაქში ზარალი გამოიწვია – დაზიანდა სახლის სახურავები, მინები, მანქანის საქარე მინები. პინეტოსა და სილვის (ტერამო) შემდეგ სეტყვა პესკარას დღეს დილით დაატყდა თავს. თვითმხილველთა თქმით, ხოშკაკალას დიამეტრი 5 სმ-ს აღწევდა.
პინგ-პონგის ბურთის ზომის სეტყვა იყო აგრეთვე ვენაფროში, მოლიზეში; დაზიანდა სახლის სახურავები და მანქანები. ეს ყველაფერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ძალიან ძლიერი ინტენსივობით.
სეტყვა ამ დილით ემილია-რომანიასაც დაატყდა თავს და პიაჩენციდან რიმინამდე ნათესები და ნარგავები დააზიანა.
დღეს უამინდობა იტალიის სამხრეთით და კუნძულებისკენ გადაინაცვლებს. დღეიდან ამინდის გაუარესება მოსალოდნელია, აგრეთვე, ნახევარკუნძულის ცენტრალურ რაიონებშიც.
საფრთხის ყვითელი დონე გამოცხადდა ტოსკანაში, განსაკუთრებით ტოსკანის სამხრეთსა და არქიპელაგზე. მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი და წვიმა, ძლიერი ქარი, სეტყვა.
საფრთხის ყვითელი დონე გამოცხადდა ლომბარდიისთვის, ვენეტოსთვის, ემილია-რომანიის, მარკესა და პიემონტისთვის.
ნეაპოლში დაიკეტა საქალაქო პარკები, ქალაქსა და მის პროვინციებში მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის გამო.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები