ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა
საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკანორ მელიას 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. მისთვის იმუნიტეტის მოხსნას კენჭისყრაში მონაწილე 91-ივე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.
მანამდე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიურომ, უფრო ადრე კი – იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მოქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით 25 ივნისს მიმართა.
პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის დროს მხოლოდ ნიკა მელია იმყოფებოდა. პროტესტის ნიშნად, სხდომას, აგრეთვე, არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.
ნინო ხოშტარია
კომენტარები