პოლიციამ თბილისში აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

„როიტერის“ ფოტო
საქართველოს პარლამენტთან ვითარების უკიდურესად დაძაბვის შემდეგ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ტერიტორია დატოვა. დაზარალებული მოქალაქეები ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს.

პარლამენტში მივიდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მან დემონსტრანტებს მიმართა და აღნიშნა, რომ ვითარების დაძაბვა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

„ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა დღეს, ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ეს არავის გამოუვა. ეს არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტში მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეა არ უნდა ჩატარებულიყო.

პრემიერმა აქციის მონაწილე ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია, თუმცა მის გამოყენებას „უპასუხისმგებლო ძალა“ პროვოკაციისთვის ცდილობს.

„თქვენი პროტესტი არის სამართლიანი და მე ვარ თქვენ გვერდით, ამავე დროს, თითოეული თქვენგანი ადევნებს თვალს, როგორ ცდილობენ, თქვენი გულწრფელი პროტესტი გამოიყენონ თავიანთი პროვოკაციისთვის“, – თქვა პრემიერმა.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ.

ამერიკის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ისინი ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ გვესმის ის ტკივილი, რასაც უამრავი ადამიანი დღეს განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და გამუდმებით იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებები გააკეთეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის ელჩებმა და ორივე მხარეს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდეს.

დემონსტრანტებს მიმართა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ აქცია არის „პოლიტიკური მოტივით მცდელობა, ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფამდე“.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. გრიგოლ ვაშაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მოთხოვნებს დაემატა კიდევ  ერთი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ოღონდ მხოლოდ პროპორციული წესით.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულია 17 ადამიანი, მათგან 13-ს აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, 4-ს კი – საშუალო სიმძიმის. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პირველი არხის ინფორმაციით, დაზარალდა მათი ოპერატორიც, რომელსაც მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული სახის არეში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

დაზარალებულია 38 პოლიციელი, მათ უმეტესობას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოში გადაყვანილია 4 პოლიციელი.

ამჟამად პარლამენტის წინ სიტუაცია შედარებით განიმუხტა, თუმცა ისევ რჩება შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი. სამართალდამცველები პარლამენტის შენობას ისევ იცავენ.

წყარო: „ამერიკის ხმა“; 1tv.ge

პირველი არხის პირდაპირი ეთერი – რა ხდებოდა აქციაზე და რა ხდება ამ წუთებში:

ამავე თემაზე: თბილისში რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს

კომენტარები