18 წლის გოგონა, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, უბრალო გამვლელი იყო

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას 18 წლის მაია გომურს რეზინის ტყვია თვალის არეში მოხვდა. ოჯახის ინფორმაციით, ის აქციის მონაწილე არ ყოფილა. იმ დროს, როცა ტყვია ესროლეს, მაია სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

დაზარალებულის და, მზია გომური მედიას უყვება, რომ 18 წლის გოგოს სამსახური 00:00-ზე დაუმთავრდა, შემდგომ მეგობრებს შეხვდა, ამის შემდეგ კი, ვინაიდან მეტროპოლიტენი აღარ მუშაობდა, გადაწყვიტა, თავისუფლების მოედანზე ტაქსი გაეჩერებინა და ასე დაბრუნებულიყო სახლში.

„უნდა ჩასულიყო [თავისუფლების] მოედანზე, უნდა გაეჩერებინა ტაქსი და დაბრუნებულიყო სახლში. მოედნიდან მომავალი უამრავი ჯარისკაცი [სპეცრაზმელი] დახვდა, რის შემდეგაც შემობრუნდა და გამოიქცა [ქაშუეთის] ეკლესიის მიმართულებით. გამოქცევის დროს მოხვდა ტყვია. რაც შეეძლო, გადააბა სიტყვები და მითხრა, იყო ეს“, – ამბობს მზია გომური.

დაზარალებულის და სახელმწიფოსგან ითხოვს, მაია გომურს დაუფინანსდეს ყველა პროცედურა, რაც მას „პირვანდელ ვიზუალს დაუბრუნებს“.

„მკურნალობისა და ოპერაციის შემდეგ დასჭირდება, სავარაუდოდ, პლასტიკური ჩარევა და ხელოვნური თვალი. ჯერჯერობით ოჯახის წევრებთან ჯანდაცვის სამინისტროდან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

ოფთალმოლოგმა და ყბა-სახის ქირურგმა იმუშავეს. ახლა დაკვირვების პროცესშია.

არამარტო ეს ოპერაცია, რაც ახლა უნდა გაუკეთონ, არამედ ყველაფერი ის უნდა დაუფინანსდეს, რაც დასჭირდება მისი ისეთი ვიზუალის აღდგენას, როგორიც ჰქონდა. ის არ ყოფილა აქციის მონაწილე, არაფერი მოუთხოვია. იმას არ ვამბობ, რომ ვინც იდგა და ითხოვდნენ, იმას არ უნდა დაეხმარონ. არა. უბრალოდ ის იყო გამვლელი, რომელსაც მოხვდა ტყვია. მოხვდა სახეში. ვიცი, რომ რეზინის ტყვიებს ფეხებში უმიზნებენ… მას კი სახეში მოხვდა. ექიმმა მითხრა, რომ ტყვიამ გაიარა ძალიან ახლოს იმ საშიშ ზონასთან, რომლის დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება მომკვდარიყო“, – აცხადებს დაზარალებული მაია გომურის და.

წყარო: netgazeti.ge

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმებმა ორივე შემთხვევაში პაციენტებისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს. კომპანია „ევექსში“ აცხადებენ, რომ ორივე იყო საკმაოდ მძიმე შემთხვევა და ჩატარდა ურთულესი ოპერაციები. კომპანიის ცნობით, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ პაციენტებს მხედველობაც აღუდგეთ, თუმცა ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.

რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი მსახიობის დემეტრე ნაყოფიას 5-საათიანმა ოპერაციამაც თვალზე, მისი მეგობრების ინფორმაციით, წარმატებით ჩაიარა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეუნარჩუნდება თუ არა მას მარცხენა თვალზე მხედველობა. ახლა იგი რეანიმაციაშია.

დემეტრე ნაყოფიას რეზინის ტყვია თვალის არეში საპროტესტო აქციაზე მოხვდა.

დემეტრე ნაყოფია
კომენტარები