ინტერვიუ

ნინი ქარსელაძე: „ორი სამშობლო ვერ ექნება ადამიანს“

ნინი, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

ამ ეტაპზე საქართველოში ვარ, ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. თითქმის სამივე ახალი სიმღერა დასრულების ეტაპზეა. ვაპირებ კლიპის გადაღებასაც, უბრალოდ, ჯერ არ ვიცი, რომელ სიმღერაზე. მაქვს  კონცერტები, როგორც სახელმწიფო, ისე კორპორაციული.

ალბათ ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

დიახ, ბევრგან ვარ ნამყოფი, ევროპაში თითქმის ყველგან. განსაკუთრებით აზიური ქვეყნები მიზიდავს. სიამოვნებით ვნახავდი ინდოეთს. განსაკუთრებული თავგადასავლები მქონდა და დიდი გამოცდილება მივიღე ინგლისში, როდესაც ლონდონში ვსწავლობდი. ასე დამოუკიდებლად და მარტო პირველად მომიწია ცხოვრება. ეს იყო საუკეთესო წლები, რადგან მარტო ცხოვრებამ ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა.

რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?

განსაკუთრებით მომწონს იტალიური და ფრანგული სამზარეულო. კარგი მზარეული ვარ და მიყვარს, ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება, ვფიქრობ, ეს ერთგვარი სიახლეა, რაც ყოველთვის ჩემი ინტერესის სფეროა.

თუ გაქვთ რამე სუვენირი, რომელიც ყველაზე უფრო ძვირფასია თქვენთვის?

სუვენირები დიდად არ მიყვარს და ნივთი კი მაქვს, ეს არის ბეთლემის ვარსკვლავი, რომელიც იერუსალიმში ვიყიდე და დღემდე ჩემს ნივთებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია.

შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს?

ჩემის აზრით, ორი სამშობლო ვერ ექნება ადამიანს. სამშობლო, სადაც არ უნდა იყო, მხოლოდ ერთი იქნება – ის, სადაც დაიბადე და რა სისხლიც ჩქეფს შენს ძარღვებში.

თქვენთვის რას ნიშნავს სამშობლო?

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამშობლოს, ეს მხოლოდ იმ ტერიტორიას არ ნიშნავს, სადაც დაიბადე. ტრადიციები, პრინციპები, სიყვარული, ურთიერთობა – ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი სიტყვაა და ჩემს სამშობლოს – საქართველოს ნიშნავს. არასოდეს მნდომებია სხვაგან დაბადება.

შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი სამშობლოსგან შორს, უცხო მიწაზე ბედნიერი იყოს?

შეიძლება ადამიანი რაღაც პერიოდით უცხო მიწაზე იყოს ბედნიერი, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. არ მგონია, მონატრებამ არ გადაწონოს ყველა ის ემოცია, რაც შეიძლება სხვა ქვეყანაში განიცადოს ადამიანმა.

დაბოლოს, რას უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს?

ემიგრანტებს ვუსურვებდი გამძლეობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს და მალე საკუთარ ოჯახებში, საკუთარ მიწაზე დაბრუნებას.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close