საზოგადოებასაქართველო

ქართველი მეცნიერი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა

ქართველი მეცნიერი და მკვლევარი თეიმურაზ ლეჟავა დაბერების ასპექტების კვლევის დარგში ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს. ამის თაობაზე გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერს.

შვედეთში 23-25 მაისს გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის (IAGG-ER) კონგრესი გაიმართა. მასზე დააჯილდოეს სამი მეცნიერი, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიური დაბერების პროცესს სწავლობენ. მათ შორის არის თეიმურაზ ლეჟავაც.

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის ევროპული რეგიონის პრეზიდენტმა კლემენს ტეტჩ-რიომერმა საუკეთესო მეცნიერებს სიგელები გადასცა. ლეჟავას გარდა სიგელები გადაეცათ ინგლისელ ჯონ იანგს და გერმანელ ჰანს-ვერნერ ვალიუმს.

თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თეიმურაზ ლეჟავა ამავე უნივერსიტეტში ამჟამად გენეტიკის კათედრის გამგეა, გარდა ამისა, ხელმძღვანელობს გენეტიკის ინსტიტუტს, რომელიც თბილისში 2011 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ მან 1990-იან წლებში თსუ-ში სპეციალობა „ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკა“ დანერგა.

თეიმურაზ ლეჟავა გენეტიკის შესახებ რვა სახელმძღვანელოს ავტორია, რომლებზეც აღიზარდნენ გენეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. მათი დიდი ნაწილი დღეისთვის წარმატებით მოღვაწეობს აშშ-ის, იაპონიის, სინგაპურის, ესპანეთის, ინგლისის, ისრაელის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში. ლეჟავას ეკუთვნის 133 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია გამოქვეყნებული.

ცნობისათვის: გერონტოლოგია მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის დაბერების პროცესებს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს. გერიატრია კი გერონტოლოგიის დარგია, რომელიც შეისწავლის მოხუცებულობის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close