საბერძნეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპულოსმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარლამენტის დათხოვნის თაობაზე და საპარლამენტო არჩევნები 7 ივლისს დანიშნა. ბრძანებულების გამოქვეყნების მომენტიდან ოფიციალურად იწყება წინასაარჩევნო პერიოდი. ამის თაობაზე ინფორმაცია საბერძნეთის პარლამენტის საიტზეა მოცემული.

ახალი პარლამენტის წევრები პირველ სხდომას 17 ივლისს ჩაატარებენ. ამ დრომდე ახალარჩეული დეპუტატები ფიცს დადებენ, შემდეგ საბერძნეთში შეიქმნება პარლამენტის პრეზიდიუმი და პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და მდივნებს აირჩევენ.

პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ორშაბათს, 10 ივნისს საბერძნეთის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს ეწვია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სთხოვა. მისი ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის, „სირიზას“ მიერ ევროპარლამენტის, რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა არადამაკმაყოფილებელმა შედეგებმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პარლამენტი – ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, 300 დეპუტატის (βουλευτές) შემადგენლობით, 4 წლის ვადით აირჩევა პირდაპირი საყოველთაო ფარული კენჭისყრით. დეპუტატები, თავის მხრივ, ირჩევენ პარლამენტის სპიკერს (Πρόεδρος Ελληνικού Κοινοβουλίου).

ბოლო მოწვევის პარლამენტში „სირიზას“ (ლიდერი – ალექსის ციპრასი) 144 მანდატი ჰქონდა, „ნეა დიმოკრატიას“ – 78 მანდატი, „პასოკს“ (ΠΑΣΟΚ) – 19, „ხრისი ავღის“ – 16, კომუნისტურ პარტიას – 15, „მდინარეს“ (Το Ποτάμι) – 5, დამოუკიდებელ, უპარტო დეპუტატებს – 23.

ვნახოთ, როგორ გადანაწილდება მანდატები ახალი მოწვევის პარლამენტში. ევროპარლამენტის არჩევნებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ 7 ივლისს „ნეა დიმოკრატია“ გაიმარჯვებს, შესაბამისად, მთავრობასაც ის დააკომპლექტებს და საბერძნეთის ახალი პრემიერი კირიაკოს მიცოტაკისი გახდება.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

ათენის ახალი მერი – კოსტას ბაკოიანისი დიდ პოლიტიკოსთა ოჯახიდან

საბერძნეთის პარლამენტის შენობის ისტორია

კომენტარები