ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა!

ცოტა ხნის წინ პორტუგალიაში, მადეირაზე ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, WORLD TRAVEL AWARDS-ის დაჯილდოება დასრულდა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა. ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გაიმარჯვა და ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა.

ამ ტიტულის მოსაპოვებლად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტები იყვნენ სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ტურიზმის „ოსკარი“ ჩვენია! დიახ, ჩვენ ეს შევძელით!!! ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ შთამბეჭდავ შედეგს, რომლის გამოც ყოველთვის ამაყები ვიქნებით!!! ბათუმი დღეს უკვე ღირსეულად დგას ევროპის თუ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, ბათუმით მსოფლიო მასმედიის საუკეთესო წარმომადგენლები ინტერესდებიან. ჩვენი უცხოელი კოლეგები შეხვედრისას ხშირად გვთხოვენ გავუმხილოთ ის საიდუმლო, რისი მეშვეობითაც ბათუმი და აჭარა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მყარად იკავებს ლიდერ პოზიციებს.

გილოცავთ!!! ყველას გილოცავთ, ვისთვისაც ძვირფასია ბათუმის, აჭარის და საქართველოს წარმატება”, – ასე გამოეხმაურა გამარჯვებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული, როგორიცაა: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა. შ.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: თურქული სერიალის ერთი სერია ბათუმში გადაიღეს

კომენტარები