85 ადამიანის მკვლელობისთვის ექიმის თანაშემწეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანელ მედიცინის მუშაკს ნილს ჰოგელს (NIELS HOEGEL) 85 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მკვლელობები მან გერმანიის ჩრდილოეთში, ორ სხვადასხვა საავადმყოფოში ჩაიდინა 1999 წლიდან 2005 წლამდე. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ჰოგელი ჯერ გულის პრეპარატების სასიკვდილო დოზას უკეთებდა პაციენტებს, შემდეგ კი პირველი მივარდებოდა გადასარჩენად, კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. მას მეტსახელად „რეანიმატორი რემბო“ შეარქვეს.

ჰოგელმა 55 მკვლელობა აღიარა, თუმცა პოლიციას მიაჩნია, რომ მსხვერპლთა რიცხვი ასს აღემატება. სამწუხაროდ, ამის დამტკიცება კრემაციის შედეგად სამხილების განადგურების გამო ვერ ხერხდება. საბოლოოდ სასამართლომ იგი 85 მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

ჰოგელის შეჩერება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ის პაციენტის ორგანიზმში წამლის შეყვანის დროს გამოიჭირეს. საავადმყოფოების თანამშრომლების ნაწილს სიკვდილიანობის უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებელზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებენ.

ჰოგელი თანამედროვე გერმანიის ისტორიაში ყველაზე სისხლიან სერიულ მკვლელად არის მიჩნეული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები