უჩინარი მხსნელები – როგორ გვიცავენ მფარველი ანგელოზები

არაერთი ადამიანი ირწმუნება, რომ პირადად შეხვდა არამიწიერ არსებებს და სჯერა, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. კარგად თუ დავფიქრდებით, თითოეული ჩვენგანი გაიხსენებს შემთხვევას, როდესაც განსაცდელისგან თავად იგი ან მისი ახლობელი რაღაც ძალამ იხსნა. ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯოან ანდერსონი (JOAN WESTER ANDERSON) სწორედ ადამიანებისა და ანგელოზების ასეთ შეხვედრებზე წერს. ამ საკითხით იგი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისი ვაჟი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ჯოანის აზრით, იგი ანგელოზმა გადაარჩინა.

„ანგელოზი“ (ძვ. ბერძნ. άγγελος, პირდაპირი თარგმანი ძველებრაულიდან ךאלמ – მალ’ახ) „მაცნეს, დესპანს, მაუწყებელს“ ნიშნავს. „ანგელოზებზე არსებულ ისტორიებში ერთი რამ ყოველთვის მაოცებს, – წერს ანდერსონი, – კერძოდ, ეს ზეციური არსებები ადამიანს დიდ განსაცდელში დასახმარებლად, ნუგეშის საცემად, გასაფრთხილებლად ან რჩევის მისაცემად ევლინებიან. ბევრი ირწმუნება, რომ მუდმივად გრძნობს მფარველი ანგელოზის თანადგომას. ქვეყნად უამრავი ადამიანია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ ანგელოზები მხოლოდ ზოგიერთს ეხმარებიან – მგონი, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, რამდენად მორწმუნეა ადამიანი. …დარწმუნებული ვარ, რომ გულმხურვალე ლოცვით ადამიანს ცხოვრების შეცვლა შეუძლია. განსაცდელში კარგი ადამიანებიც ვარდებიან, მაგრამ ანგელოზებს მათთვის ამის არიდება არ შეუძლიათ, შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანის თავისუფალ ნებაში ვერ ერევიან. განსაკუთრებით ჩემი ვაჟის ისტორია მიყვარს, რომელიც სწორედ ანგელოზებთანაა დაკავშირებული“.

აი, რა შეემთხვა მის ვაჟს:

„ჩემი ვაჟი და მისი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობდნენ. ერთ ცივ ღამეს უკაცრიელ მინდორზე მანქანა გაუჩერდათ, ვეღარც წინ მიდიოდნენ და ვეღარც უკან. ისეთი ყინვა იყო, აუცილებლად მანქანაში გაიყინებოდა ორივე (იმ ღამეს გარეთ დარჩენილი ათობით ადამიანი გაიყინა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა). ისინი ისხდნენ ტრიალ მინდორზე გაჩერებულ მანქანაში და შველას არსაიდან ელოდნენ. სრულიად მოულოდნელად სატვირთო მანქანა გამოჩნდა. მძღოლს მათთვის არაფერი უკითხავს, მოაბა ბაგირი გაჩერებულ მანქანას და საკმაოდ დიდ მანძილზე – უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. როგორც კი ჩემი ვაჟი და მისი მეგობარი მანქანიდან გადმოვიდნენ და სატვირთო მანქანის მძღოლისკენ მადლობის სათქმელად გაეშურნენ, ის ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. სატვირთო მანქანის ხმა არავის გაუგონია, ღამის სიჩუმეში კი ეს სულ არ იყო ძნელი. ის იდუმალი მანქანა და მისი მძღოლი ერთდროულად ორმა ადამიანმა იხილა, რომლებიც შემდეგ შეეცადნენ მისი ასავალ-დასავალი გაეგოთ, მაგრამ ამოდ. ამ იდუმალი მანქანის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, არც მაშველი მანქანები იყო გამოსული და არც თოვლზე იყო რაიმე კვალი დატოვებული“.

ჯოან ანდერსონი

ჯოან ანდერსონი სხვა ისტორიებსაც ჰყვება:

მფრინავების ამბავი

„ორი მფრინავი პატარა თვითმფრინავით ნისლში მოხვდა. ვერც აეროპორტამდე მიღწევა შეძლეს და ვერც მიწაზე ეშვებოდნენ. სასოწარკვეთილები, ბევრს ეცადნენ, თუმცა ამაოდ. როდესაც იმედი საბოლოოდ გადაეწურათ, უცებ ხმა ჩაესმათ. ამ ხმის კარნახით და მითითებებით პატარა აეროპორტს მიაღწიეს და მშვიდობიანად მოახერხეს მიწაზე დაჯდომა. ბუნებრივია, როდესაც თავი უსაფრთხოდ იგრძნეს, მაშინვე აეროპორტის დისპეტჩერის მონახვა და მისთვის მადლობის გადახდა მოინდომეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობაში მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, „დისპეტჩერი“ დიდი ხნის წინათ წასულიყო. გარდა ამისა, ისინი იმდენად ასცდენოდნენ კურსს, რომ მათთან დაკავშირებას ვერცერთი აეროპორტი ვერ შეძლებდა“.

რებეკას ისტორია

„ეს ამბავი 1992 წელს მოხდა. სამშობიაროში ჩემი შვილის სასთუმალთან ვიჯექი და ვიხსენებდი, თუ რა გადამხდა წინა ღამეს. ეს არც არასოდეს დამავიწყდება: ღრმა ძილიდან შეშფოთებულმა ხმამაღალმა ძახილმა გამომაღვიძა. „რებეკა!“ – იძახდა ვიღაც. ხმა მეცნობოდა, თითქოს ჩემი ქალიშვილისას ჰგავდა. იგი დღე-დღეზე ბავშვს ელოდა და ვიფიქრე, ალბათ, გარეთ დგას და სამშობიაროში რომ წავიყვანო, მეძახის-მეთქი. კარგად რომ გამოვფხიზლებულიყავი, გამახსენდებოდა, რომ ჩემი შვილი სახელს არ დამიძახებდა. იგი ყოველთვის „დედას“ მეძახდა. მაშინვე ვუპასუხე, მოვდივარ-მეთქი და კარისკენ გავემართე. გამიხარდა, რომ გარეთ სინათლე ანთებული დამხვდა, მაგრამ სახლის წინ არავინ იდგა. კარის გასაღებად მოვემზადე, მაგრამ თითქოს ვიღაცამ გამაფრთხილა, კარი არ გამეღო. შეშინებული უკან შემოვბრუნდი, ძლივს ჩამეძინა. როდესაც ისევ ჩამესმა ხმა, მივხვდი, რომ ეს ყოველივე ბოროტი ძალებისგან იყო. ამ სახლში გადმოსვლის დღიდან პრობლემები მქონდა, ყოველ საღამოს ღმერთს ვევედრებოდი, ჩემთვის ანგელოზი გამოეგზავნა, რომ ბოროტი ძალებისგან თავი დამეცვა. სახლი მღვდელს ვაკურთხებინე. ზეთიც მაცხო. ვიფიქრე, რადგან სახლი ნაკურთხი იყო, ბოროტმა ძალებმა შიგნით ვერ შემოაღწიეს, ანგელოზმა კი გამაფრთხილა, გარეთ არ გავსულიყავი. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ისინი მთელი სახლის გარშემო იყვნენ თავმოყრილნი. დავიწყე ლოცვა და ვიგრძენი, რომ სახლში მარტო არ ვიყავი. თვალი გავახილე და ორი არსება დავინახე.

თავდაპირველად ისინი კარგად ვერ გავარჩიე, მათგან სინათლე ირეკლებოდა და ეს ნათელი ოთახს ავსებდა. ერთი მაღალი იყო, მეორე – ოდნავ დაბალი. თავიდან შემეშინდა, გამახსენდა, რომ ბოროტ სულსაც შეუძლია ანგელოზის სახის მიღება. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. ველოდებოდი, თავად რას მეტყოდნენ, ისინი კი მხოლოდ მშვიდად მიყურებდნენ. პატარა არსებას ყოყმანი შევამჩნიე. მგონი, იგი იმით იყო გაოცებული, რომ ვხედავდი. ისინი ჩემთვის უჩინრები არ იყვნენ. გამიკვირდა, რომ ხმის ამოღება შევძელი, ვიკითხე: „ვინ გამოგგზავნათ?“ პატარამ მიპასუხა: „მან, ვინც ზეცაშია“. ძნელი ასახსნელია, მისი ხმის გაგონებამ რა გრძნობა გამოიწვია ჩემში. „რატომ ხართ ჩემთან?“ – კვლავ ვიკითხე და იმავე ხმამ მიპასუხა: „შენს დასაცავად. შენ მეორე მხარე გებრძვის“.

მათი უკვე აღარ მეშინოდა. ვიჯექი და ვგრძნობდი, სხეულში როგორ იღვრებოდა სითბო. ასეთი რამ პირველად მაშინ შემემთხვა, როცა რვა წლის ვიყავი. ჩემი გარდაცვლილი პაპა გამომეცხადა და მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი და ჩემზე ზრუნავდა. ამ არსებების დანახვისას თავში უამრავი შეკითხვა მომივიდა. ამ შეკითხვებს ხმამაღლა არ წარმოვთქვამდი, მაგრამ მათზე პასუხებს ვიღებდი. „ჩვენ ადამიანის გაფრთხილების უფლება გვაქვს, მაგრამ სრულ ინფორმაციას ვერ მივაწვდით. არც ისეთი რჩევის მიცემის უფლება გვაქვს, რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებას ზღუდავს“. დამშვიდებულმა დავიძინე. დილით ჩემმა სიძემ დამირეკა, რომ სასწრაფოდ სამშობიაროში წავსულიყავი – იმ დღეს ჩემს ქალიშვილს ვაჟი შეეძინა“.

თამთა გურული

კომენტარები