იტალიაპოლიტიკა

ლუიჯი დი მაიომ შესაძლოა პოსტი დატოვოს – ნდობის საკითხზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს

იტალიის სახელისუფლებო პარტიამ, „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ თავისი ლიდერის, ლუიჯი დი მაიოსადმი ნდობის საკითხი დააყენა – ხმის მიცემა პარტიის ონლაინ პლატფორმაზე ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დამთავრდება – დღეს, საღამოს 8 საათზე გახდება ცნობილი, დარჩება ლუიჯი დი მაიო პარტიის ლიდერად თუ M5S ახალ ლიდერს აირჩევს.

იტალიის სახელისუფლებო პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ თავისი დაფუძნების დღიდან ყველაზე რთულ კრიზისს განიცდის. ევროპარლამენტის არჩევნებში მიღებულმა არადამაკმაყოფილებელმა შედეგმა (17,1%; მატეო სალვინის „ლიგის“ 34,3%-ის და დემოკრატების 22,7%-ის წინააღმდეგ) მისი ლიდერის, ლუიჯი დი მაიოს პოზიცია დაასუსტა მეორე სახელისუფლებო პარტიის, „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერთან, მატეო სალვინისთან შეჯიბრებაში ხელისუფლებაში კონტროლის შესანარჩუნებლად.

გაზეთი „გარდიანი“ გუშინ, 29 მაისს იუწყებოდა, რომ პარტიაში ჩატარდება ხმის მიცემა მისი 32 წლის ლიდერის (6 ივლისს 33 წლის ხდება – რედ.), ლუიჯი დი მაიოსადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე. თავისი არსებობის 9 წლის განმავლობაში „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ განუხრელად მიიწევდა წინ და მხარდაჭერის პიკს  – ამომრჩეველთა დაახლოებით 33%-ის ნდობას 2008 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიაღწია, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებმა ცხადყო, რომ მის მხარდამჭერთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ შემცირდა.

დამარცხების მიზეზები მრავალფეროვანია და ბოლო თვეებში მწიფდებოდა, – წერს ესპანური გამოცემა El Pais: ეს არის გატარებული ეკონომიკური ღონისძიებების უშედეგობა, იდეოლოგიური მერყეობა, ევროპული პროექტისა და პარტნიორების არარსებობა, უუნარო ხელმძღვანელობა მთავარ წერტილებში , როგორიცაა რომი და ტურინი, ლიდერობის კირზისი. M5S გახდა არარელევანტური ძალა იტალიის ჩრდილოეთში, ხოლო უმთავრეს სფეროებში კონტროლს კარგავს სამხრეთშიც, რომელიც მისი დასაყრდენი იყო. „ლიგამ“ უკვე მოიპოვა კალაბრიისა და აპულიის მცხოვრებთა სიმპათიები.

სანამ ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს და გაირკვევა, დარჩება თუ არა პარტიის ლიდერად, ლუიჯი დი მაიომ, იტალიის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, დღეს დილით „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ბლოგზე დაწერა: „გუშინ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პარლამენტართა მნიშვნელოვანი შეკრება იყო. ეს იყო ხელსაყრელი მომენტი, რათა ერთმანეთისთვის პირისპირ გვეთქვა, რა არ გამოგვივიდა ბოლო ევროპულ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც დიდი ერთობა, დარწმუნებულები ვართ, რომ  აღვადგენთ ჩვენს სულისკვეთებას, თუმცა არც არასოდეს დაგვიკარგავს საკუთარი ძალები და სიმამაცე; ჩვენ ვთქვით, რომ ახლა მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ შანსი, ვიპოვოთ უფრო ადეკვატური ორგანიზაცია, უფრო მეტი ადგილი დავუთმოთ და უფრო კარგად მოვუსმინოთ ტერიტორიებს, რომლებიც ახლახან დავკარგეთ. ამისთვის მე კიდევ ერთხელ პირადად ვიხდი ბოდიშს. მე პირველი ვარ, ვინც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს“.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: სალვინის „ლიგამ“ გაიმარჯვა, საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება – ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

ლუიჯი დი მაიო: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს!“ – პირდაპირი ტრანსლაცია ავტომობილიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close