იტალიაპოლიტიკა

ლუიჯი დი მაიო პარტია M5S-ის ლიდერად რჩება – 80%-მა მას ნდობა გამოუცხადა

ლუიჯი დი მაიო „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერის პოსტს ინარჩუნებს. ცოტა ხნის წინ დასრულდა მისთვის ნდობის გამოცხადება პარტიის ონლაინ პლატფორმაზე ხმის მიცემის სახით. 44 849-მა ამომრჩეველმა ახალგაზრდა ლიდერს ნდობა გამოუცხადა, მხოლოდ 11 278-მა დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია. ამის თაობაზე გამოცემა ANSA იუწყება.

იტალიის სახელისუფლებო პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობამთავისი ლიდერის, ლუიჯი დი მაიოსადმი ნდობის საკითხი დღეს დააყენა ხმის მიცემა პარტიის ონლაინ პლატფორმაზე ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდა.

გაზეთი „გარდიანი“ გუშინ, 29 მაისს იუწყებოდა, რომ პარტიაში ჩატარდება ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში მისი 32 წლის ლიდერის (6 ივლისს 33 წლის ხდება – რედ.), ლუიჯი დი მაიოსადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე. თავისი არსებობის 9 წლის განმავლობაში „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ განუხრელად მიიწევდა წინ და მხარდაჭერის პიკს  – ამომრჩეველთა დაახლოებით 33%-ის ნდობას 2008 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიაღწია, თუმცა ბოლო დროს ის ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის – ევროპარლამენტის არჩევნებმა ცხადყო, რომ პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ შემცირდა.

სწორედ ევროპარლამენტის არჩევნებში მიღებულმა არადამაკმაყოფილებელმა შედეგმა (17,1%; მატეო სალვინის „ლიგის“ 34,3%-ის და დემოკრატების 22,7%-ის წინააღმდეგ) მისი ლიდერის, ლუიჯი დი მაიოს პოზიცია დაასუსტა მეორე სახელისუფლებო პარტიის, „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერთან, მატეო სალვინისთან შეჯიბრებაში ხელისუფლებაში კონტროლის შესანარჩუნებლად.

ევროპარლამენტის არჩევნებში მიღებული ცუდი მაჩვენებლის მიზეზები მრავალფეროვანია და ბოლო თვეებში მწიფდებოდა, – წერს ესპანური გამოცემა El Pais: ეს არის გატარებული ეკონომიკური ღონისძიებების უშედეგობა (ლუიჯი დი მაიო არის ეკონომიკური განვითარების მინისტრი – რედ.), იდეოლოგიური მერყეობა, ევროპული პროექტისა და პარტნიორების არარსებობა, უუნარო ხელმძღვანელობა მთავარ წერტილებში, როგორიცაა რომი და ტურინი, ლიდერობის კირზისი. M5S გახდა არარელევანტური ძალა იტალიის ჩრდილოეთში, ხოლო უმთავრეს სფეროებში კონტროლს კარგავს სამხრეთშიც, რომელიც მისი დასაყრდენი იყო. „ლიგამ“ უკვე მოიპოვა კალაბრიისა და აპულიის მცხოვრებთა სიმპათიები.

ლუიჯი დი მაიომ დღეს დილით პარტიის ბლოგზე დაწერა: „გუშინ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პარლამენტართა მნიშვნელოვანი შეკრება იყო. ეს იყო ხელსაყრელი მომენტი, რათა ერთმანეთისთვის პირისპირ გვეთქვა, რა არ გამოგვივიდა ბოლო ევროპულ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც დიდი ერთობა, დარწმუნებულები ვართ, რომ  აღვადგენთ ჩვენს სულისკვეთებას, თუმცა არც არასოდეს დაგვიკარგავს საკუთარი ძალები და სიმამაცე; ჩვენ ვთქვით, რომ ახლა მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ შანსი, ვიპოვოთ უფრო ადეკვატური ორგანიზაცია, უფრო მეტი ადგილი დავუთმოთ და უფრო კარგად მოვუსმინოთ ტერიტორიებს, რომლებიც ახლახან დავკარგეთ. ამისთვის მე კიდევ ერთხელ პირადად ვიხდი ბოდიშს. მე პირველი ვარ, ვინც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს“.

როგორც აღმოჩნდა, M5S-ის ერთგულ ამომრჩეველს სჯერა მისი. ლუიჯი დი მაიო ახალი შემართებით გააგრძელებს თავის მოღვაწეობას პარტიის ლიდერის პოსტზე.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

ამავე თემაზე: ლუიჯი დი მაიომ შესაძლოა პოსტი დატოვოს – ნდობის საკითხზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close