საარჩევნო უბნიდან დანახული ბერძნული არჩევნები

26 მაისს საბერძნეთში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში, ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. იმავე დღეს ჩატარდა ქვეყნის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც.

არჩევნების დღეს ჩემთვის უჩვეულო როლში აღმოვჩნდი: ათენში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის მდივნის მოვალეობის შესრულება მომიწია. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. საქმე ის არის, რომ ბერძნული კანონმდებლობით, კომისიის ხელმძღვანელებს სასამართლო ხელისუფლება ნიშნავს. როგორც წესი, ამ მოვალეობას ლიცენზირებული ადვოკატები ასრულებენ. ერთ-ერთ უბანში კი კომისიის ხელმძღვანელობა ათენში მოღვაწე ქართველ ადვოკატს, პაატა სიმსივეს დაევალა. სწორედ პაატას წყალობით მომეცა შესაძლებლობა, ბერძნულ არჩევნებს, ასე ვთქვათ, შიგნიდან დავკვირდებოდი. მართალია, საარჩევნო დღეს კომისიას უამრავი საქმე აქვს, მაგრამ გარკვეული დაკვირვების შესაძლებლობა მაინც იყო. ამ წერილის დაწერაც ჩემი შთაბეჭდილებების თქვენთვის გაზიარების სურვილმა განაპირობა.

ვფიქრობ, არავის გაუკვირდება, რომ არჩევნებმა ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა. ევროპაში ეს უცნაურობა ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მშვიდი გარემოს არსებობა, ვფიქრობ, ბერძნების განსაკუთრებული კანონმორჩილებით არ არის განპირობებული – მთავარი მაინც ე. წ. ადამინაური ფაქტორია ანუ ის, რომ ევროპული საზოგადოება, უპირველესად, ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოებაა. ვერანაირი, თვით ყველაზე სრულყოფილი მექანიზმიც კი ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, თუკი ვინმე, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, გაყალბებას განიზრახავს.

ყველაზე საინტერესოა, რომ კომისიაში პარტიების წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ, უფრო სწორად, მხოლოდ ერთი მათგანი გამოცხადდა. დამკვირვებლებიც არსად ჩანდნენ. ნაშუადღევს ერთი პიროვნება მოვიდა, გვითხრა, დამკვირვებელი ვარო, საქმე როგორ მიდისო. პაატამ უთხრა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. სტუმარმა მადლობა გადაგვიხადა, გამძლეობა გვისურვა და წავიდა. მეგონა, ხმების დათვლის პროცესს მაინც დააკვირდებოდა ვინმე, მაგრამ ჩემი მოლოდინი აქაც არ გამართლდა. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა თქვას, რომ ეს ყველაფერი უპასუხისმგებლობის გამოხატულებააო და ალბათ მართალიც იქნება, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში მედლის მეორე მხარეა, რომლის შესახებაც უკვე აღვნიშნე.

როგორც მოგახსენეთ, არჩევნებს მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენელი დაეწრო. ალბათ გაინტერესებთ, რომელი პარტიის. სამწუხაროდ, არ ვიცი, არ მიკითხავს და არც მას დაუწყია საკუთარი პარტიის ქება. ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ერთმანეთს ვეხმარებოდით, რათა პროცედურები კანონის დაცვით ჩატარებულიყო – ეს იყო ჩვენი მთავარი საზრუნავი. საერთოდ, მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში, როდესაც საუკეთესო დროა პოლიტიკური დებატებისთვის, პოლიტიკის გარდა ყველაფერზე ვსაუბრობდით. ამომრჩევლებიც მშვიდად მოდიოდნენ საარჩევნო უბანზე, ე. წ. კოორდინატორებიც არსად ჩანდნენ…

უბანზე აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო, ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 55%-მა გამოხატა თავისი ნება. სამწუხაროდ, ახალგაზრდები არ აქტიურობდნენ. უმრავლესობა საშუალო ასაკის ადამიანები და პენსიონერები იყვნენ. ვფიქრობ, არჩევნებისადმი ახალგაზრდობის ინდიფერენტული დამოკიდებულება ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ქვეყნის მომავალს სწორედ ისინი უნდა ირჩევდნენ. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. სულ რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა, ისინიც მშობლებთან ერთად – სავარაუდოდ, მშობლების დაჟინებული თხოვნის/მოთხოვნის შედეგად. სამაგიეროდ, სასიამოვნო სიურპრიზი იყო 88 წლის ქალბატონის მოსვლა (როგორც კომისიის მდივანს, ამომრჩევლის პირად მონაცემებზე წვდომა მქონდა). ქალბატონი არჩევნებზე მარტო მოვიდა, ყოველგვარი დამხმარისა და ხელჯოხის გარეშე. არადა, ამისთვის საკმაოდ მრავალსაფეხურიან კიბეზე ასვლა-ჩასვლა მოუწია. ხმის მიცემის შემდეგ გაგვიღიმა, წარმატება გვისურვა და წავიდა. ჩემთვის ეს ქალბატონი თავისებური სიმბოლო იყო – ქვეყნის ბატონ-პატრონი თავისუფალი მოქალაქის განსახიერება.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს: ცხადია, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ეს მთავარი არ არის. უმთავრესია, რომ ბერძნულმა საზოგადოებამ გააცნობიერა საზოგადოების ერთობისა და თანადგომის მნიშვნელობა. მიხვდნენ, რომ ოჯახი, ნათესავები, სამეგობრო წრე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც ნათესაური კავშირი არ გააჩნიათ, მაგრამ ერთიანი საზოგადოების წევრებს წარმოადგენენ. ბოლოს და ბოლოს მათ ხმებს მათსავე ქვეყანაში მე, უცხოელი ვითვლიდი. ეს არც არავის გაჰკვირვებია და ამის გამო არც პროტესტი გამოუთქვამთ. ჰოდა, მე თუ მკითხავთ, თანამედროვე სახელმწიფო და წარმატებული საზოგადოება სწორედ აქედან იწყება.

გიორგი ჯანელიძე

თუ მოგეწონათ სტატია,მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: სალვინის „ლიგამ“ გაიმარჯვა, საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება – ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

კომენტარები