საზოგადოებაჯანმრთელობაინტერვიუ

ვენების ვარიკოზული დაავადება, პროფილაქტიკა და მკურნალობა – რას გვირჩევს ექიმი?

ქვედა კიდურების ვენურ დაავადებებზე ჯერ კიდევ ძველ ტექსტებშია ნახსენები. MASTABA-ს აკლდამის გათხრები ეგვიპტეში ადასტურებს მათ „სიძველეს“ – იქ ნაპოვნ მუმიას ვენების ვარიკოზული გაფართოებისა და წვივის ვენური ტროფიკული წყლულის ნიშნები ჰქონდა. ვარიკოზის მკურნალობას ცდილობდნენ უძველესი დროის სახელგანთქმული ექიმები – ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი…

თანამედროვე ეპოქაში, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი საშუალება და გაცილებით ეფექტიანი მეთოდები არსებობს ამ დაავადებათა სამკურნალოდ.

როგორ გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ჯანმრთელი სისხლძარღვები, როგორ ავიცილოთ თავიდან ქვედა კიდურების ვენური დაავადებები და დაავადების შემთხვევაში რა სახის მკურნალობაა რეკომენდებული  – ამ საკითხებზე საუბარი ცნობილ ფლებოლოგს, თბილისის ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის ანგიოქირურგს, დავით გეგელაშვილს ვთხოვეთ. დავით გეგელაშვილი შარშან მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების, „წლის ექიმი 2018-ის“ ნომინანტი გახდა.

ბატონო დავით, რა იწვევს, ძირითადად, ქვედა კიდურების ვენურ დაავადებებს და რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი?

ქვემო კიდურების ვენური დაავადების გამომწვევი მიზეზები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ექიმისაგან – სისხლძარღვთა ქირურგისგან ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

მკურნალობის ეფექტიანობას განსაზღვრავს არა მარტო სწორი დიაგნოზის დასმა, ან დაავადების მიზეზის დადგენა, არამედ მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა.

ვარიკოზი (ვენების ვარიკოზული გაგანიერება), ძირითადად, ქალებში (36,6 %) გვხვდება, მამაკაცებში – უფრო ნაკლებად (19,3 % ). ქრონიკულ ვენურ უკმარისობას რაც შეეხება, აქ დაახლოებით თანაბარია დაავადების შემთხვევები: ქალები – 20%, მამაკაცები – 15%.
ძალიან რთულია ვენური წყლულის მკურნალობა, რომელიც არც ისე გავრცელებულია (ღია წყლული – 0,1%, 70 წლის ზემოთ – 3%, შეხორცებული – 0,7%). ვენური წყლული ხანგრძლივად მიმდინარეობს და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. მის განკურნებას წლები სჭირდება, ძალიან ხანმოკლე პერიოდში კი შესაძლოა რეციდივი გაჩნდეს.

გენეტიკურ (მემკვიდრეობით) ფაქტორს რაც შეეხება, სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური გამოკვლევით ქვემო კიდურების დაავადებებში მისი ერთმნიშვნელოვანი როლი არ დასტურდება.

დაავადების პირველი ნიშნები რომელ ასაკში ვლინდება?

გარდატეხის, მომწიფების ასაკის შემდგომ ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს ვარიკოზული დაავადება. ეს დამოკიდებულია ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებზე, როგორიცაა:

ორსულობა: ტრადიციულად, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ითვლება ვარიკოზული დაავადების განვითარებაში, მაგრამ ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მხოლოდ მეორე და შემდგომ ორსულობას მივყავართ ამ დაავადების 20-30%-ით სარწმუნო მომატებამდე.

სიმსუქნე: ვარიკოზული დაავადების დამტკიცებული რისკ-ფაქტორია ჭარბი წონა, მით უმეტეს, თუ ადგილი აქვს სხეულის მასის მომატებას 27კგ/მ2-მდე, ეს იწვევს დაავადების სიხშირის 33%-ით გაზრდას.

ცხოვრების წესი: საკმაო ზეგავლენას ახდენს ვარიკოზული დაავადების განვითარებასა და მიმდინარეობაზე ცხოვრების წესი – კერძოდ, ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა, სიმძიმის აწევა ან მდგომარე და მჯდომარე მდგომარეობაში ხანგრძლივი ყოფნა.

ჰორმონული დარღვევები: განსაკუთრებით ბოლო წლებში პროგრესულად მოიმატა ჰორმონული დარღვევების როლმა ქვემო კიდურების დაავადებაში, რაც განპირობებულია ჰორმონული კონტრაცეპტივების მოხმარების ფართო გავრცელებით, პრემენსტრუალურ პერიოდში და ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს ჰორმონშემცველი თერაპიის პოპულარიზაციით. დამტკიცებულია, რომ ესტროგენი და პროგესტერონი, აგრეთვე, მათი შემცვლელები იწვევენ ვენის კედლის ტონუსის შემცირებას, კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების თანდათანობით დაშლას.

ეს პრობლემა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული (ერთერთი მთავარი მიზეზი). რამდენად მნიშვნელოვანია კვება?

კონკრეტულად ვარიკოზული დაავადების განვითარება საკვებზე პირდაპირ არ არის დამოკიდებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სიმსუქნე ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ვარიკოზული დაავადების განვითარებაში, რეკომენდებულია შეიზღუდოს ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება და უპირატესობა ბოსტნეულს და ხილს მიენიჭოს.

რომელია ყველაზე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები?

უპირველეს ყოვლისა, აქტიური რეჟიმი. არ არის რეკომენდებული ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა და დგომა; კარგია ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, აკვააერობიკა, წონის კორექცია, სეირნობა დღე-ღამეში დაახლოებით 30-35 წთ მაინც.

ვარიკოზის ყველაზე ცუდი შედეგი რა შეიძლება იყოს?

ვარიკოზის ყველაზე ხშირი გართულება კანის ფერის ცვლილებებია წვივის არეში (პიგმენტაცია), დაავადების პროგრესირების შემთხვევაში კანის ნეკროზი აღნიშნულ მიდამოებში (ლიპოდერმატოსკლეროზი) და შემდგომ ტროფიკული წყლულის განვითარება, რომლის შეხორცებას რამდენიმე თვე ან წლები შეიძლება დასჭირდეს. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების თრომბოფლებიტი (თრომბის გაჩენა, შემდგომ ადგილობრივი ანთებითი რეაქციით, ან პირიქით ჯერ, ანთება და შემდგომ თრომბის განვითარება). საჭიროა პაციენტმა დროულად მიმართოს ანგიოლოგს ან სისხლძარღვთა ქირურგს: სათანადო კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება აღნიშნული პროცესი შევაჩეროთ და არ გავრცელდეს ღრმა ვენის მიმართულებით ზემოთ, რა დროსაც ოპერაციაც კი შეიძლება გახდეს საჭირო, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მოხდეს თრომბოემბოლია, შემდგომი მძიმე გართულებებით და ლეტალური დასასრულითაც კი.

რამდენად ეფექტიანია დღეს ამ პრობლემის მკურნალობა და რა სიახლეებია ამ სფეროში, მათ შორის, რა არის დანერგილი საქართველოში?

ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების საშუალებით, ვენური სიმძიმის შეფასების ბოლო ათწლეულში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა პროგრესმა, ბუნებრივია, დააყენა საკითხი ვენური დაავადებების ყოვლისმომცველი კლასიფიკაციის შექმნის შესახებ. 1994 წელს საერთაშორისო შეთანხმებული კომისიის ექსპერტებმა შეიმუშავეს ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის კლასიფიკაცია, რომლითაც მთელი მსოფლიოს ფლებოლოგთა საექიმო საზოგადოება სარგებლობს.

CEAP Classification (introduced 1994)

1. მკურნალობა

მედიკამენტური მკურნალობა

* ვენოტონური პრეპარატები

2. კომპრესიული თერაპია

* სამედიცინო ელასტიკური ტრიკოტაჟი

* გარდამავალი პნევმატიკური კომპრესია

3. ქირურგიული მკურნალობა

* კროსექტომია

* სტრიპინგი

* ფლებექტომია

* მინიფლებექტომია

4. ლაზერული და რადიოსიხშირული აბლაცია

5. სკლეროთერაპია

მკურნალობის ყველა მეთოდია დანერგილი საქართველოში, კერძოდ, ჩვენს კლინიკაშიც. რა თქმა უნდა, მკურნალობა ეფექტიანია სწორი და სრულყოფილი დიაგნოსტირების შემდგომ. თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა, ზუსტად განვსაზღვროთ სისხლძარღვების მდგომარეობა, დავსვათ ზუსტი დიაგნოზი და ავირჩიოთ უფრო მეტად ეფექტიანი და უსაფრთხო მკურნალობა. ვარიკოზული დაავადების მკურნალობის ერთ-ერთ თანამედროვე და ეფექტიან მეთოდად მიჩნეულია სკლეროთერაპია.

რაც შეეხება . . ობობას ქსელს (კაპილარების ქსელს ქვედა კიდურებზე), რომელიც ბევრს მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემად მიაჩნია, რამდენად საშიშია ის ჯანმრთელობისთვის?

რაც შეეხება ე. წ. ობობას ქსელს ანუ ტელეანგიექტაზიებს და ვარიკოზულად დაზიანებულ რეტიკულარულ ვენებს, ის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა და ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. საჭიროა მხოლოდ დინამიკაში დაკვირვება, ანგიოლოგის მეთვალყურეობა და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა, რომ არ მოხდეს დაავადების პროგრესირება.

კაპილარების ქსელის მოშორების თანამედროვე მეთოდებს შორის აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას ლაზერულ მკურნალობას. რამდენად ემხრობით ამ მეთოდს და თუ არ ემხრობით, რატომ?

ამ ფორმის ვარიკოზის მკურნალობა როგორც ლაზერით, ისე სკლეროთერაპიით არის შესაძლებელი. ლაზერი მხოლოდ მცირე დიამეტრის ფორმის დროს გამოიყენება. მე უფრო სკლეროთერაპიას ვემხრობი, რომელიც ნაკლებად მტკივნეული და კომფორტულია. სკლეროთერაპია არის ვარიკოზული ვენების უოპერაციოდ მკურნალობის (ფლებოლოგია) ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდი. სკლეროთერაპიის დროს მიმდინარეობს ვარიკოზული ვენის ქიმიური ობლიტერაცია – სკლეროზანტის (ქაფის) საშუალებით ხდება ვენების სანათურის დახურვა და შემდგომში მათი გაქრობა.

სკლეროთერაპიით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ

ზაფხული მოდის და რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, ძირითადად, ქალებს, რომელთაც უფრო აწუხებთ ეს პრობლემა?

არა მარტო ქალებმა, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესი, სეირნობა, ცურვა, დიდხანს ჯდომის ან დგომისგან თავის შეკავება; აგრეთვე, აკონტროლეთ წონა. დაავადების ნიშნების გაჩენის შემთხვევაში მალევე მიმართეთ ექიმს, რათა სწრაფად მოხდეს მისი გამოვლენა, სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა. თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა ზუსტად განვსაზღვროთ სისხლძარღვების მდგომარეობა, დავსვათ დიაგნოზი და ავირჩიოთ უფრო მეტად ეფექტიანი და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდები.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

დავით გეგელაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: +995 599113335;

Facebook: .facebook.com/daviti.gegelashvili

მსგავს თემაზე: დარიჩინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს და ვარიკოზისგანაც გვიცავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close