იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს

ბოლცანოს პოლიციის მობილურმა ბრიგადამ 4 ქართველი დააკავა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობის ბრალდებით. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებმა ბოლცანოში (ჩრდ. იტალია, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონი), Viale Europa-ზე მდებარე კონდომინიუმის ერთ-ერთი სახლიდან 20 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს, – ამის თაობაზე ANSA.IT იუწყება.

გამოძიების ცნობით, დაკავებულთაგან ერთი სომხეთში დაბადებული 33 წლის ქართველია, რომელიც იტალიაში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ცხოვრობს. იგი გასაქურდი ბინის შესახებ ინფორმაციის მიმცემად მიიჩნევა. საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ასაკი 34 და 37 წელია, ქურდობის ორგანიზატორებად და შემსრულებლებად სახელდებიან. მეოთხე დაპატიმრებული 60 წლის ქართველია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს – მანქანის მძღოლი, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები იყენებდნენ ე. წ. ბულგარულ გამღებს (grimaldello bulgaro) – მოწყობილობას, რომელიც დაჯავშნული კარის საკეტში მოთავსებისას ავტომატურად აკოპირებს მის კოდს და ისე აღებს კარს, რომ არავითარ ნიშანს არ ტოვებს. პოლიციელები დამნაშავეებს კვალში მიჰყვნენ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და ქურდობის შემდეგ ცხელ კვალზე დააკავეს. დამნაშავეთა მიერ სახლიდან გამოტანილი ნივთების ღირებულება 20 ათას ევროდ შეფასდა.

დაკავებულებს კიდევ 2 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებენ ბოლცანოსა და მერანოში.

წყარო: ANSA.IT

მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: ქართული მაფია ჯიბეებს ისქელებს „ბარსელონას“ ფეხბურთელების ხარჯზე – გამოძიების ვერსია

კომენტარები