ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

ქუთაისში დღეს მზის პანელების ქარხანა გაიხსნა. მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ეი სოლარის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და, ავტომატური რობოტიზებული კონვეიერების მეშვეობით, 500 მეგავატის მოცულობის წარმადობას უზრუნველყოფს წელიწადში. ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. მან კომპანია „ეი სოლარის“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ინვესტიციისთვის.

„ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია „ეი სოლარი“, რომელიც მსოფლიო ლიდერია მზის პანელების წარმოებაში. მინდა, ინვესტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქარხანა სწორედ საქართველოში აშენებულიყო. განიხილებოდა რამდენიმე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, – … უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთი ტიპის საწარმო იქნება“.

ბახტაძის თქმით, საწარმო მზის პანელებით მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა: ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განათლება და ეკონომიკა ერთად ავითარებს ქვეყანას. რამდენიმე კვირაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქუთაისი კიდევ ერთ კარგ ეკონომიკურ სიახლეს ელოდება: რამდენიმე კვირაში იმერეთის მთავარ ქალაქში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ, 20 მაისს ეკომიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის, „აიგრუპის“ (aigroup) პრეზენტაციაზე განაცხადა.

„კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის ელექტრომობილების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი მსოფლიოში, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის: „ვოლვო“, „ფოლკსვაგენი“, „ფორდი“ – მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქარხანაში დამზადდება 4 მოდელის ელექტროავტომობილები, ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი წელიწადში, საიდანაც 50 პროცენტი (20 ათასი) – შიდა ბაზრისთვის, ხოლო ნახევარი ევროკავშირში ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი.

„ეს არის უდიდესი წარმატება, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები, წარწერით – „მეიდ ინ ჯორჯია“ იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან“, – განაცხადა პრემიერმა.

წყარო: https://1tv.ge

თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: თბილისში ეკოტრანსპორტის ხელშეწყობა და მიწისზედა მეტროს მასშტაბური პროექტი იწყება

კომენტარები