ეკონომიკაnewsსაქართველო

თბილისში ეკოტრანსპორტის ხელშეწყობა და მიწისზედა მეტროს მასშტაბური პროექტი იწყება

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ თბილისი, ევროპის დიდ ქალაქებს შორის, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონით ერთ-ერთი პირველია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თბილისში გარემოს ყველაზე მეტად საწვავის გამონაბოლქვი აბინძურებს. უკანონო მშენებლობების შედეგად გაჩეხილი ტყეები კი მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას ურთულებს. დედაქალაქის რთული ეკოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად თბილისის მერია, საქართველოს მთვარობის თანადგომით, მიწისზედა მეტროს მასშტაბურ პროექტს იწყებს.

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ თბილისის მერიამ შეიმუშავა „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი ეტაპია „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი“. პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასა და აეროპორტთან დააკავშირებს. სამშენებელო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მოხდება მეტროსადგურ „სამგორის“ მოდერნიზაცია და მიწისზედა მეტროს ახალ ხაზთან დაკავშირება. 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა შვიდი ახალი მეტროსადგური და სრულად განახლებული მეტროსადგური „სამგორი“.

მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით. 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ შეირჩევა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი. პროექტის პირველი ფაზის, სამგორი-ლილოს მონაკვეთის განხორციელებისთვის 90 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაცია გამართეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მომდევნო წელს საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა. მისივე თქმით, ეს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას შეუწყობს ხელს.

თბილისის მერი აცხადებს, რომ 2020 წლიდან დედაქალაქში 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს და 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება. როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, დედაქალაქის მერია ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. კახა კალაძის თქმით, ელექტრომობილებისთვის მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე სპეციალური სადგომები გაკეთდება, რომელიც უფასო იქნება. მერია დარწმუნებულია, რომ ორ წელიწადში თბილისი მკვერად ამოისუნთქავს და აქ ცხოვრება აღარ იქნება ისე საშიში, როგორც დღეს არის. ეკოლოგიაც რომ გვერდით გადავდოთ, პიკის საათებში გადატვირთული მილიონიანი ქალაქის მოსახლეობისთვის რამდენიმე ახალი მეტროსადგური გადაადგილების ახალ საშუალებებს შექმნის და თბილისელებისთვის ამ თვალსაზრისითაც ნამდვილად შვება იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close