55 წლის ავთანდილ ცინცაძე მე-11 ქართველი ალპინისტი გახდა, რომელმაც დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე (ჯომოლუნგმა) ასვლა შეძლო. საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც, იმავდროულად, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგია, 8848 მეტრზე 16 მაისს, დილის 9 საათზე შედგა ფეხი.
კანადელი ალპინისტის, კლეიტონ მეთიუსის მეთაურობით ინტერნაციონალური ექსპედიცია ევერესტის გრძელ და რთულ გზას 2 აპრილს დაადგა.
ქართველი ავთანდილ ცინცაძის გარდა ჯგუფში ბრიტანელი მაჰერ დეან მარკი, კორეელი ლი კილ ბონგი, ინდოელი კაკა კევალ ჰირენი და ექვსი ნეპალელი შერპი იყო. ჯგუფმა მიზანს 44 დღეში მიაღწია და ახლა უკან ბრუნდება.
ევერესტი და ჰიმალაი დიდი ხნის მანძილზე ქართველ მთამსვლელთა არაერთი თაობის აუხდენელი ოცნება იყო. რკინის ფარდის და საბჭოთა სისტემის წყალობით, მთამსვლელობის მექაში ქართული ალპინიზმის არაერთი ლეგენდა, უბრალოდ, ვერ მოხვდა. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ჰიმალაებში გამგზავრება ვერ შეძლო ქართულმა ექსპედიციამ, რომელიც თბილისში ყოფნისას ნეპალის მეფე მაჰენდრამ პირადად მიიწვია.
მოჯადოებული წრე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 7 თვეში, 1991 წლის 10 ოქტომბერს 54 წლის რომან გიუტაშვილმა გაარღვია. იგი ევერესტზე ამერიკელ მეწყვილე დენიელ მეზურთან ერთად ავიდა და მწვერვალზე ნეპალში გათხოვილი ქართველი ქალის, თალიკო ყუბუსიძის შეკერილი საქართველოს შინდისფერი დროშა პირველმა გაშალა.
ევერესტის „ქართული კლუბი“ 1991-2019
10.10.1991 – რომან გიუტაშვილი
12.05.1999 – ბიძინა გუჯაბიძე, აფი გიგანი, ლევ სარქისოვი, ბენო ქაშაკაშვილი
26.05.1999 – მერაბ ხაბაზი, მამუკა ციხისელი, ირაკლი უგულავა, მერაბ ნემსიწვერიძე, გია თორთლაძე
22.05.2001 – გია თორთლაძე
27.05.2003 – ბიძინა გუჯაბიძე
21.05.2012 – გია თორთლაძე
16.05.2019 – ავთანდილ ცინცაძე
იხილეთ სრულად ლინკზე: amerikiskhma.com
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
კომენტარები