ამინდის მკვეთრი გაუარესება იტალიაში – მოსახლეობას აფრთხილებენ
იტალიის რეგიონში – ემილია-რომანიაში ამინდის მკვეთრი გაუარესებისა და მასშტაბური წყალდიდობისთვის ემზადებიან, – ამის თაობაზე დღეს საინფორმაციო სააგენტო ANSA წერს.
ორშაბათს და სამშაბათს მთიან ადგილებში მოსალოდნელია თოვლი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ვაკეზე – მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა.
რამდენიმე რეგიონში შეჩერებულია სარკინიგზო მოძრაობა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სკოლებისა და ხიდების დახურვისა და იმ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადებიან, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ და რეკომენდაციას აძლევენ მოსახლეობას, შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ პირველ სართულზე ყოფნას.
კრიტიკული სიტუაციაა მოდენის რეგიონში მდინარეების – სეკიასა და პანაროს ადიდების გამო. ფოსალტა-სალიჩეტო პანაროს რაიონში მიმდინარეობს სადრენაჟე სამუშაოები, ერთი ოჯახი საკუთარი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს.
დღეს დილით ფორლი-ჩეზენას პროვინციაში მდინარე სავიო ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. საფრთხეში ჩავარდნილი 2 ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.
მსგავს თემაზე: იტალიაში სტიქიის გამო დაღუპულთა რიცხვმა 11-ს მიაღწია
კომენტარები