ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია პარიზში, საქველმოქმედო საღამოზე
პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე LE DIAMANT BLEU ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ქართული დიასპორის უხუცესი წევრები. დამსწრეთა შორის იყვნენ რეჟისორი გელა ბაბლუანი, სოფო ბაბლუანი, ოპერატორი ტარიელ მელიავა და ცნობილი ფრანგი მსახიობი ბენუა მაჟიმელი (მონაწილეობს გელა ბაბლუანის ფილმში „Money“), აგრეთვე, სხვა ფრანგი სტუმრები, რომლებმაც საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი იყო საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ჰენრი მაჭავარიანი. საღამო განსაკუთრებით გაალამაზა ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის მონაწილეობამ. ქალბატონ ნანისთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, პაატა ანდრიაძის ბენდი, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე.
საღამოს წარმდგენი იყო ახალგაზრდა დიზაინერი ანანო გელოვანი. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მის მიერ ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი ულამაზესი სამოსი ეხილა, იუველირ-დიზაინერმა მარინა ნაცვლიშვილმა კი ექსკლუზიური სამკაულების არაჩვეულებრივი კოლექცია წარადგინა სტუმრების წინაშე.
ღონისძიებაზე საქართველოს შესახებ გაცნობითი ხასიათის ფილმიც უჩვენეს. გალა ვახშამზე კი სტუმრებმა უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და სხვა კულინარიული ვარიაციები დააგემოვნეს. ტრადიციულ ქართულ სუფრას თანამედროვე ევროპული ელფერი ფრანგული ბრენდის, მსოფლიო კულინარიული გიდის, Gault et Millau-ს ქართველმა მზარეულებმა შესძინეს, გურამ ბაღდოშვილის ხელმძღვანელობით.
ამ მნიშვნელოვანი, ლამაზი და ორიგინალური საღამოს ორგანიზატორები იყვნენ საქველმოქმედო ფონდი „გზაჯვარედინი“ და კომპანია „ივენთს ლუქსი“. შემოსული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინში“ გადაირიცხება და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფას მოხმარდება.
თამარ ოთიაშვილი
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
კომენტარები