სტრესისა და ნეგატიური განწყობისგან თავის დაღწევის მარტივი ხერხები
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას თან ახლავს კონფლიქტი, სტრესი, განწყობის ცვლილება, უმიზეზო დაღლილობისა და მარტოსულობის შეგრძნება. როგორ დავიცვათ მათგან თავი? ფსიქოთერაპევტები მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ნეგატიური განწყობების მოსაშორებლად შემდეგ გამოსავალს გვთავაზობენ.
…დილით გაიღვიძეთ, მაგრამ ვერც ფინჯანმა ყავამ გასიამოვნათ და სამსახურში მიმავალი ვეღარც ადამიანებს ამჩნევთ ქუჩაში. ნერვიულობთ, აღარ იცით, უამრავ საქმეთაგან რომელს მიხედოთ. ნაცნობი სიტუაციაა, არა? ფსიქოტრენინგის სავარჯიშოების შესრულების შემდეგ ყველა პრობლემას გადალახავთ. მოდით, შეასრულეთ ეს სავარჯიშო, რომელსაც „მიტოვებული ბაღი“ ჰქვია.
მიტოვებული ბაღი
მოხერხებულად დაჯექით. წარმოიდგინეთ, რომ დიდი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სეირნობთ და ხედავთ უზარმაზარ ქვის გალავანს, რომელსაც ხის ჭიშკარი აქვს. გააღეთ და შედით – ძველ, მიტოვებულ ბაღში აღმოჩნდებით. ოდესღაც ეს ბაღი თვალწარმტაცი იყო, ახლა კი დიდი ხანია, აღარავინ უვლის, უზარმაზარი ხეები, ბალახი ისე გაზრდილა, წელამდე გცემთ. ძველი ბილიკები ძლივსღა ჩანს. წარმოიდგინეთ, რომ ბაღის გასუფთავებას შეუდექით, დაიწყეთ ბაღის ნებისმიერი კუთხიდან. ტოტები უნდა გასხლათ, სარეველები ამოძირკვოთ, ბალახი გადაცელოთ, ხეებს შემოუბაროთ – ყველაფერს აკეთებთ, რომ ბაღს ძველი იერი დაუბრუნოთ. გარკვეული დროის შემდეგ შეჩერდით და ბაღის ეს ნაწილი, თქვენ მიერ მოვლილი, შეადარეთ მეორე ნაწილს, რომელსაც თქვენი ხელი ჯერაც არ შეხებია. ამ სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გაცილებით გაგიადვილდებათ თქვენი შესასრულებელი სამუშაოს ოპტიმალური გეგმის შედგენა, იმის მიხვედრა, რომელი პრობლემა რომლის მერე უნდა გადაწყვიტოთ.
…აი, დადგა უფროსობასთან შესვლის დროც. თქვენი აზრით, არც ისე სასიამოვნო და მსუბუქი დიალოგი გელოდებათ. თქვენი პოზიციის დაცვა მოგიწევთ, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა გაკლიათ, ეს იმის ნიშანია, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გჭირდებათ, მაგრამ ვის უნდა მიმართოთ? არ არის საჭირო მეგობართან წასვლა და მისთვის თქვენი პრობლემების თავს მოხვევა. სრულიად საკმარისია შეასრულოთ სავარჯიშო სახელად „სასიამოვნო მოგონებათა გაცოცხლება“.
„სასიამოვნო მოგონებათა გაცოცხლება“
ის დრო გაიხსენეთ, როცა გჯეროდათ, რომ ვიღაცას ნამდვილად გულით უყვარდით. აიღეთ რომელიმე ეპიზოდი ამ პერიოდიდან და ეს ყველაფერი თავიდან განიცადეთ. ანდა, ის მომენტები გაიხსენეთ, როცა მძაფრი განცდები გქონდათ – შეყვარებული იყავით; ანდა საოცარი მუზა გეწვიათ; კითხვამ, სამსახურმა ან რაიმე სხვა საქმემ ძალიან გაგიტაცათ, უსმენდით მუსიკას, რომელიც ძალიან მოგწონდათ… მოკლედ, რაიმე ძალიან სასიამოვნო გაიხსენეთ. მერე აირჩიეთ რომელიმე და თავიდან განიცადეთ. წარსულის სიხარული და გამარჯვება აუცილებლად უზრუნველყოფს თქვენს მხარდაჭერას მომავალშიც.
…აი, შეფთან ვიზიტმაც ჩაიარა. კიდევ რამდენიმე საქმიანი შეხვედრა გქონდათ, თანაც საკმაოდ დამღლელი. ნერვები დაგეჭიმათ, არადა კიდევ ერთი დაძაბული შეხვედრა გელოდებათ. საკუთარ თავზე კონტროლს თუ დაკარგავთ, გარიგება არ შედგება. ეს რომ არ მოხდეს, მოდით, შეასრულეთ სავარჯიშო სასაცილო სახელწოდებით: „ტივტივა ოკეანეში“.
„ტივტივა ოკეანეში“
წარმოიდგინეთ, რომ უზარმაზარ ოკეანეში ერთი პატარა ტივტივა ხართ, არც მიზანი გაქვთ, არც კომპასი, არც საჭე… იქით მიცურავთ, საითაც ქარი და ტალღები გაგაქანებენ, დიდ ტალღას შეუძლია ცოტა ხნით დაგფაროთ, მაგრამ შემდეგ კვლავ ზედაპირზე ექცევით. შეეცადეთ შეიგრძნოთ, როგორ მიგანანავებთ ტალღა, ხან იქით მოგისვრით, ხან აქეთ, მასში ხართ გახვეული, შეიგრძენით ტალღათა მოძრაობა… მზის სითბო… ოკეანის ბალიში თქვენ ქვემოთ. ამ სავარჯიშოს შედეგად თუ ცივსისხლიანობას არა, აუცილებელ თავშეკავებას ნამდვილად მოიპოვებთ.
…მაშ ასე, დღის პირველმა ნახევარმა ჩაიარა, მაგრამ სრულიად ძალაგამოცლილად გრძნობთ თავს. ახალი საქმეებისთვის ენერგია გჭირდებათ, არადა, სულ აღარა გაქვთ. მისი მარაგის შევსებაში „ენერგიის გადაცემის“ სავარჯიშო დაგეხმარებათ.
„ენერგიის გადაცემა“
თქვენ თვალწინ წარმოიდგინეთ ენერგიის რაიმე წყარო, მაგალითად, ოქროსფერი სხივების სფერო. ის გათბობთ, ახალი ძალებით აღგავსებთ. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ ივსებით ენერგიით – ჩაისუნთქეთ ის. წარმოიდგინეთ, რომ ასეთივე წყარო თქვენს ზურგს უკანაცაა. შეიგრძენით, თუ როგორ გადადიან ამ ენერგიის ტალღები თქვენს ზურგზე. ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, ენერგიის წყარო ახლა ხელმარჯვნივ მოათავსეთ, შეიგრძენით მისი ზემოქმედება სხეულის მარჯვენა ნახევარზე, მერე მარცხნივ და იგივე წარმოიდგინეთ. ახლა ენერგიის წყარო თქვენს თავს ზემოთაა. შეიგრძენით, როგორ გაფრქვევთ ის სხივებს. ახლა კი ოქროსფერი სფერო თქვენს ფეხებთანაა. შეიგრძენით, როგორ ივსება ენერგიით თქვენი ტერფები, შემდეგ მისი ნაკადი ზემოთ ამოდის და მთელ სხეულს იკავებს. ღრმად ჩაისუნთქეთ და ცოტა ხნით გაუნძრევლად იჯექით. წინ იყურეთ და ნურაფერზე იფიქრებთ.
…ბოლოს და ბოლოს, სამუშაო დღე დამთავრდა, გადაღლილი ხართ, თავს დაუცველად და მიტოვებულად გრძნობთ. მოდუნებაში სავარჯიშო „სიჩუმის ტაძარი“ დაგეხმარებათ.
„სიჩუმის ტაძარი“
წარმოიდგინეთ, როგორ სეირნობთ მრავალმილიონიან და ხმაურიან ქალაქში. შეეცადეთ იგრძნოთ, თუ როგორ მიაბიჯებენ თქვენი ფეხები მის ძველ ქვაფენილზე… ყურადღება მიაქციეთ გამვლელებს, მათ გამომეტყველებას, ფიგურას… შეამჩნიეთ, რომ ზოგს აღელვებული სახე აქვს, ზოგი მშვიდად მიმოდის. ყურადღება მიაქციეთ ტრანსპორტს, მის სიჩქარეს, ხმაურს – ისმის საყვირების ხმა, მუხრუჭების ღრჭიალი… იქნებ სხვა ბგერებიც შეამჩნიოთ? ყურადღება მიაქციეთ მაღაზიების ვიტრინებს… ახლა კი შეჩერდით და დაფიქრდით: რას გრძნობთ ამ ხმაურიან, საქმიან ქუჩაში? მერე კუთხისკენ წადით და ბევრად უფრო მშვიდი ქუჩისკენ შეუხვიეთ.
ცოტას რომ გაივლით, შეამჩნევთ დიდ შენობას, რომელიც არქიტექტურით სხვა ყველა დანარჩენისგან გამოირჩევა. მასზე წარწერაა: „სიჩუმის ტაძარი“. თქვენ ხვდებით, რომ ეს ის ადგილია, სადამდეც არანაირი ხმაური არ აღწევს, სადაც ხმამაღლა ერთი სიტყვაც კი არ წარმოთქმულა. უახლოვდებით ტაძარს და მის მძიმე, ფიგურებიან ხის კარს ეხებით. აღებთ მას, შედიხართ და მაშინვე აღმოჩნდებით ღრმა და სრულ სიჩუმეში. ტაძრის მაღალი თაღები ნახევრად სიბნელეში იკარგებიან, ყველგან დრო-ჟამისაგან გახუნებული ხის სკამები დგას. აირჩიეთ ადგილი და დაჯექით, ყოველგვარი საზრუნავი დაივიწყეთ. დაე, მოუსვენარი ფიქრები ისე გაფრინდნენ თქვენი გონებიდან, როგორც ჩიტები – ზეცაში. სამყაროსაგან მოწყვეტილი, დატკბით სიჩუმით… როცა ტაძრიდან გამოსვლას გადაწყვეტთ, კარს შეეხეთ და ქუჩაში გამოდით. ახლა როგორ გრძნობთ თავს? სულ სხვა ადამიანი ხართ? და თუ ეს ასეა, შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ, გნებავთ შინ და გნებავთ იქ, სადაც გაგიხარდებათ.
თამთა გურული
მსგავს თემაზე: ბედნიერი ადამიანების მარტივი „საიდუმლოებები“
საუკეთესო საშუალება სტრესის და უძილობის წინააღმდეგ, რომელიც თავად შეგიძლიათ დაამზადოთ
კომენტარები