დანაშაულის გამოსყიდვას ჰიტლერის მომხრეთა მდიდარი შთამომავლები 10 მლნ ევროდ აპირებენ

ოსტარბაიტერების გაგზავნა გერმანიაში
რაიმანების ოჯახმა, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესია გერმანიაში, გადაწყვიტა 10 მლნ ევრო დახარჯოს ქველმოქმედებისთვის – ეს გადაწყვეტილება რაიმანებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოჯახის მიერ დაქირავებულმა პროფესორმა პაულ ერკერმა მათი ფირმის შავბნელი ისტორია გაარკვია, –  ამის თაობაზე DEUTSCHE WELLE წერს, გამოცემა BILD AM SONNTAG-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, რაიმანები ჰიტლერის იდეებს ემხრობოდნენ და თავიანთ ქარხნებში, ლუდვიგსჰაფენში ტყვეებს ამუშავებდნენ. გამოძიებაში ფიგურირებს ალბერტ რაიმან-უფროსი და მისი ვაჟი, ალბერტ რაიმან-უმცროსი.

„პროფესორ ერკერის მონათხრობის შემდეგ ენა ჩაგვივარდა. ძალიან შეგვრცხვა, ცარცივით გაფითრებულები ვისხედით. ვერაფერს შეალამაზებ. ეს დანაშაულებები გულისამრევია“, – განაცხადა ოჯახის წარმომადგენელმა პიტერ ჰარფმა.

რაიმანების ქარხნებში იძულებით მომუშავე ტყვეთა შორის იყვნენ საფრანგეთის მცხოვრებლები და ოსტარბაიტერები (გერმ. Ostarbeiter – მუშახელი აღმოსავლეთიდან). ფრანგების ცუდ მუშაობაზე ჩიოდა ლუდვიგსჰაფენის მერისთვის გაგზავნილ წერილში ალბერტ-უმცროსი. ამას გარდა, ზოგიერთი აღმოსავლეთევროპელი ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც იყო, აღნიშნავს Bild am Sonntag-ი.

ქარხნის მფლობელები ანტისემიტურ შეხედულებებს იზიარებდნენ. ოჯახმა ნაცისტებს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, 1931 წელს დიდი თანხა შესწირა. ომმა რაიმანების ბიზნესი ააყვავა – სამხედრო შეკვეთებით და იაფი მუშახელით მათ დიდი შემოსავალი მიიღეს.

დღეისათვის რაიმანების მფლობელობაშია კომპანია JAB Holding-ი, რომლის შემადგენლობაში შედის ბრენდები: Krispy Kreme, Dr Pepper, Wella. აშშ-ში ჰოლდინგი აწარმოებს სასმელებს – 7up და Schweppes. ამჟამად კომპანიის ძირითადი აქციონერები არიან რაიმან-უმცროსის შვილები, მათი ერთობლივი ქონება დღეს 33 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად ვინ მიიღებს რაიმანების ოჯახის მიერ გამოყოფილ საქველმოქმედო თანხას, ჯერჯერობით უცნობია.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გაიყვეს სტალინმა და ჩერჩილმა საბერძნეთი – ხელსახოცზე დაწერილი შეთანხმება

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2019 წლისთვის

კომენტარები