საქართველოში ქალები მამაკაცებზე თითქმის 8,5 წლით მეტს ცოცხლობენ
2019 წლის პირველი იანვრისთვის საქართველოს მოქალაქეების მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 74.0 წელს შეადგენდა, მათ შორის, მამაკაცების – 69.7 წელს, ხოლო ქალების – 78.2 წელს, – ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
საქართველოში მამაკაცების რიცხოვნობა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად, არ შეცვლილა და 1 მლნ 790 ათასი იყო, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 მლნ 932 ათასით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცია, ხოლო 52% – ქალი.
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელია 92.7, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 35 წლის ასაკამდე მამაკაცები სჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რასაც ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა განაპირობებს.
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 37 წელია (შედარებისთვის: იტალიის მოსახლეობის საშუალო ასაკმა, ISTAT-ის მონაცემებით, 2018 წელს 45-ს მიაღწია, რაც იტალიისთვის რეკორდული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს გამოწვეულია ამ ქვეყანაში რეკორდულად დაბალი შობადობით და მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით. ამ დროისთვის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა იტალიაში 81,8 წელია: მამაკაცები – 79,2 წელი, ქალები – 84,5 წელი).
საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 3 მლნ 723.5 ათასია.
ნინო ხოშტარია
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ.
მსგავს თემაზე: ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები საქართველოში
დავით სერგეენკო ჯერ არდაბადებული გოგონების გადარჩენას ცდილობს
კომენტარები