ტრენტოს ეკლესიის მოძღვარი უცხოელ ბადანტეებში სიმსივნით სიკვდილიანობის ზრდით შეშფოთებულია

ტრენტოს სან მარკოს ეკლესიაში (ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონი, ჩრდ. იტალია) მამა იოანმა სააღდგომო მესა გამოიყენა იმისთვის, რომ თავისი შეშფოთება გამოეხატა უცხოელ ბადანტეებში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის გამო.

ცოტა ვინმე თუ ელოდა, რომ  მამა იოან ლაპასტენო (Ioan Lapastenau), ტრენტოს მართლმადიდებელი მრევლის მოძღვარი, აღდგომა დღეს ასეთ მძაფრ თემას შეეხებოდა, თუმცა სასულიერო პირისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ განგაშის ზარები დაერეკა.

„სწორედ გუშინ, – უთხრა მან თავის მრევლს, – სიმსივნით გარდაცვლილ მეათე ბადანტეს ავუგე წესი. ჯანმრთელობა – ყველაზე ძვირფასია, რაც გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ სიმსივნით გარდაცვალება ძალიან გახშირდა ამ ადამიანებში. 2015 წლამდე ერთი ან ორი შემთხვევა იყო ასეთი წელიწადში, ახლა კი ზოგჯერ 2 შემთხვევაა თვეში და მათი ასაკი 30, 40, მაქსიმუმ 50 წელია“.

მამა იოანმა მიმართა ტრენტოს სამედიცინო საზოგადოებას და უცხოური თემების რელიგიურ მსახურებს, რომ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ. მიზანი არის ის, რომ შეიმუშაონ სწორი კვების პროგრამა, მათ შორის, ბავშვებისთვისაც.

ამასთან, მამა იოანმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ამ ადამიანებს სამუშაოს აძლევენ, შეახსენა უცხოელი მომვლელი ქალების მოწყვლადობა (la fragilità) და სთხოვა, მეტი ყურადღება გამოიჩინონ მათ მიმართ, ცოტა უფრო მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ: „ისინი შორს არიან საკუთარი სახლიდან, სხვა კვებითი რეჟიმი აქვთ, ამას რელიგიურიც ემატება, ხშირად მეტისმეტად ბევრ საათს მუშაობენ, კვირაში 7 დღეს, დასვენების დღეების გარეშე“, – თქვა მამა იოანმა.

წყარო: www.rainews.it

ნახეთ ვიდეო.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ. 

მსგავს თემაზე: ბადანტე, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს უვლიდა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

კომენტარები