რომში შაბათ საღამოს საქართველოს მოქალაქე უცნობმა მაროკოელმა დაჭრა. ამის თაობაზე გამოცემა Il Corriere della Città წერს.
„დამეხმარეთ, დანა დამარტყა“, – ამ სიტყვებით გააჩერა 44 წლის საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა პოლიციელები, რომლებიც პიაცა დეი ჩინკვეჩენტოზე (Piazza dei Cinquecento) პატრულირებდნენ. შემთხვევა რომში, 20 აპრილის საღამოს, ადგილობრივი დროით 20:45 სთ-ზე მოხდა. პოლიციის ოფიცრებმა დაინახეს, რომ კაცს კისერზე მიყენებული ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, ერთი დარჩა მის დასახმარებლად, სხვები კი უცნობს გაეკიდნენ, რომელიც მათ დანახვაზე გაიქცა.
მაროკოელმა დანა გადააგდო და დასხლტომას შეეცადა, თუმცა იგი კავურის ქუჩაზე შეიპყრეს.
დაჭრილი მამაკაცი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შემდგომ დაზარალებულმა პოლიციელებს დაკითხვაზე უთხრა, ჩხუბი ჯერ კიდევ 64 ნომერ ავტობუსში დაიწყო.
R. M.-მ, მაროკოული წარმოშობის 37 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქეს ყელში დანა დაარტყა. რაც შეეხება მძღოლს, რომელიც პოლიციელებმა ასევე დაკითხეს, მან თქვა, რომ არაფერი შეუნიშნავს.
სამართალდამცველთა ცნობით, ორი უცხოელი უსახლკარო მამაკაცი, სავარაუდოდ, ერთმანეთს არ იცნობდა და ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაროკოელმა მეორე მამაკაცის კისერზე ჯვარცმა შეამჩნია, იტალიელი კათოლიკე ეგონა და ამიტომ ამოიღო მიზანში. დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ თავიდან პოლიციელებს უთხრა, რომ მაროკოელმა ის ავტობუსში ჩხუბის დროს დაჭრა, თუმცა შემდეგ სხვა ვერსია მოყვა: მისი თქმით, დამნაშავემ დანა კისერზე ჩამოკიდებული ჯვრის გამო დაარტყა, რადგან იტალიელ კათოლიკედ მიიღო და “cattolico di m…a” უწოდა. გამოცემა „ანსას“ ინფორმაციით, პროკურორები დანაშაულის დინამიკას არკვევენ, თუმცა ეჭვქვეშ აყენებენ რელიგიური სიძულვილის მოტივს, როგორც დამამძიმებელ გარემოებას.
სალვინიმ ორიოდე დღის წინ ტურინში მომხდარი დაკავების და ამ ფაქტის შემდეგ მოუწოდა პრეფექტებს და კვესტორებს, „გააძლიერონ კონტროლი და ყურადღება მუსლიმი მოქალაქეების თავშეყრის ადგილებზე“.
მსგავს თემაზე: რომში, ავტობუსში იმიგრანტმა ადგილობრივი მკვიდრი დაჭრა
ასევე დაგაინტერესებთ: არალეგალმა ნაპოვნი საფულე ნაღდი ფულით და საკრედიტო ბარათებით პოლიციაში მიიტანა
კომენტარები