დაღუპული 13 წლის ბიჭი ორგანოების დონორი გახდა – მშობლების დიდსულოვანი გადაწყვეტილება

საბერძნეთის ქალაქ პრევეზაში ტრაგედია მოხდა – 13 წლის ბიჭს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა, საკუთარ სახლთან ახლოს, ლასკარატუს ქუჩაზე მანქანა დაეჯახა.

ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს ხაძიკოსტას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაგრამ ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა 18 აპრილს დღის მეორე ნახევარში მოხდა, გამთენიისას კი მოზარდის ტვინი უკვე მკვდარი იყო და ბავშვს მხოლოდ მექანიკურად აცოცხლებდნენ.

საზოგადოება ტრაგედიამ შეძრა და განაცვიფრა ბიჭის მშობლების დიდსულოვნებამ: როდესაც მოზარდის დედ-მამას შეატყობინეს, რომ მათი შვილი გარდაიცვალა, განადგურებულმა მშობლებმა ნება დართეს საავადმყოფოს, მისი ორგანოები გადანერგვისთვის გამოეყენებინათ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ისინი სჭირდებათ. სხვების გადასარჩენად მიღებული ეს ჰუმანური გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ საბერძნეთში ორგანოების დონორთა რიცხვი ძალიან დაბალია.

2017 წელს ქვეყანაში 212 გადანერგვა განხორციელდა, 2018 წელს კი – 200; მრავალი წლის განმავლობაში საბერძნეთი ბოლო ადგილს იკავებს ტრანსპლანტაციის რაოდენობის მიხედვით: 1 მლნ მცხოვრებზე 6 დონორი მოდის, როდესაც ევროპაში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 14-ია.

212-იდან 68 შემთხვევაში თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა ცოცხალი დონორებისგან (რომელთა ტვინი მკვდარი იყო), ხოლო 144 შემთხვევაში – გარდაცვლილთა თირკმელები გამოიყენეს.

„ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ ევროპაში ორგანოების შეწირვის თვალსაზრისით – 4 დონორი მილიონ კაცზე, ეს მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებში, ისეთებში, როგორიცაა, მაგ.: პორტუგალია, იტალია და ესპანეთი – სტატისტიკურად, 1 მლნ მცხოვრებზე 28-30 დონორი მოდის“, – განაცხადა ანდრეას კარამპინისმა, ΕΟΜ-ის (Εθνικού Οργανισμού Μεταμοσχεύσεων – ტრანსპლანტაციის ეროვნული ორგანიზაცია) გამგეობის თავმჯდომარემ.

მან ისაუბრა სააგენტოს დაფინანსების სტრატეგიულ გეგმაზეც, რომელიც 2,5-წლიან პერიოდზეა გათვლილი: პროგრამა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდება. ЕОМ თანდათან ქმნის დონორთა ეროვნულ რეესტრს.

ნინო ბაჯელიძე

https://rua.gr/
კომენტარები